მცოცავი ოკუპაციისა და სხვა აგრესიული მოქმედებების პარალელურად, რუსეთი ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე ალაპარაკდა. ამის საბაბი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს არ მოეწონა. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს მიეძღვნა.
ევროპის საბჭოს ამ სტრუქტურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს კი საქართველო-რუსეთის კონფლიქტები უწოდეს. დოკუმენტის ავტორებმა რუსეთს დააკისრეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო და აღნიშნეს, რომ რუსეთი იქ ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა და ქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მათ შორის, ხელშეკრულებების დადება, იქ გამართული რეფერენდუმები იურიდიული ძალის არმქონეა და ხელს უშლის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.
დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ რუსეთი, მოწოდებების მიუხედავად, აგრძელებს თავის ქმედებებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე.
დოკუმენტს გამოეხმაურა რუსეთი. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს ამ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება იმდენად სცილდება რეალობას, რომ აბსურდამდე მიდის.
ლავროვის უწყების მტკიცებით, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არ შედიან საქართველოს შემადგენლობაში, რუსეთისთვის ამ კონფლიქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრება კი არასწორია.
– საქართველოს დელეგაცია სისტემატურად უარს ამბობს კონსტრუქციულ მუშაობაზე ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ სიტუაციაში ღირს სერიოზულად დაფიქრება ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე ამჟამინდელ ფორმატში, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების შესაძლო ჩაშლას არ გამორიცხავს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმიც.
ევროპის საბჭოს მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაც.
– ევროპის საბჭო მხოლოდ ერთი მხარის თვალსაზრისს იღებს. ამით ის ხდება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თანამონაწილე, რომელსაც საქართველო ახორციელებს აფხაზეთის წინააღმდეგ, – ნათქვამია სოხუმის რეჟიმის განცხადებაში.
აფხაზეთის უწყების შეფასებით, ევროპის საბჭო იმეორებს საქართველოს ოფიციალური პირების პროპაგანდისტულ რიტორიკას. სინამდვილეში, საქართველოს კონფლიქტი აქვს არა რუსეთთან, არამედ, აფხაზეთთან. ამას ადასტურებს 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომი და 2008 წლის აგრესია, რომელთა ინიციატორიც საქართველოა.
– ევროპული სტრუქტურების ცალმხრივმა და არაობიექტურმა მიდგომამ, საქართველოსადმი თანაგრძნობამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება მიგვიყვანოს ჟენევის დისკუსიების ჩაშლამდე, – აცხადებს სოხუმი.
რუსეთისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხაჯიმბას რეჟიმის გაღიზიანება დაემთხვა უპრეცედენტო მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან.
6 მაისიდან ძალაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებების კანონში ნახსენებია საქართველო. კანონი კრძალავს იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიმართვა დონალ ტრამპისადმი. კონგრესმენებმა მოუწოდეს პრეზიდენტს მოლაპარაკებების დაწყებისკენ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მათვე მიმართეს ტრამპს, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვა საქართველოს პრობლემების აქტუალიზაციას გამოიწვევდა.
ამ ეტაპზე ეს ხდება.

