,,ეს დასკვნა საჯარო გახდება“ – ლაშა თორდია ფარცხალაძისა და მერიის ურთიერთობაზე საუბრობს

,,ეს დასკვნა საჯარო გახდება“ - ლაშა თორდია ფარცხალაძისა და მერიის ურთიერთობაზე საუბრობსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მასზე თავდასხმის დეტალებზე გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.

ლაშა თორდია კვლავ კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა წოლით რეჟიმი დაუნიშნეს.

ლაშა თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა მოხდა ელ ცენტროს შენობის შესასვლელის მიმდებარე ადგილას. მისი განცხადებით, ადგილზე ბევრი თვითმხილველი იყო.

ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირდება. საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემას, ასევე ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემაც და მისი კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნას. აღნიშნულ საქმეს აუდიტის სამსახური სწავლობს.

თორდიას თქმით, ამ ეტაზე ეს იყო ნეპოტიზმი, რომლის ირგვლივაც ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა.

– ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ. მისი აზრით, მის თავდასხმაზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

– ალბათ, მომავალში კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს. ეს არის წმინდა სამსახურებრივი სამუშაოსთან დაკავშირებული პრეცედენტი, – განაცხადა თორდიამ.

ნიუპოსტი