საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის უპრობლემოდ შემოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ მას დარღვევა არ აქვს ჩადენილი. აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას გააკეთა:
– ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის. ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი. თუ დარღვევა ჩადენილი აქვს, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის, – განაცხადა ვოლსკიმ.

