ირაკლი კობახიძე: ”პროპორციული არჩევნები სამართლიანს არ ნიშნავს”

ირაკლი კობახიძე: ”პროპორციული არჩევნები სამართლიანს არ ნიშნავს”საარჩევნო სამართალში პროპორციულობა სამართლიანობას არ ნიშნავს და პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის ტოლობის ნიშანი არ არის.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპია საარჩევნო სამართალში და ეს პრინციპი სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად არის გამოხატული.
– მთავარი ამოცანა ნებისმიერი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისას არის საუკეთესო ბალანსის გამონახვა ორ ძირითად პრინციპს შორის – ეს არის სტაბილურობა და პლურალიზმი. აქ საუბარი არ არის ერთისთვის უპირატესობის მინიჭებაზე. მთავარია, რომ ამ ორ ინტერესს შორის საუკეთესო ბალანსი იყოს გამონახული, – განაცხადა ბ-მა კობახიძემ.

ის ფიქრობს, რომ ამ ორი ინტერესის ბალანსს მათ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს.

– ტოლობის ნიშანი პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არსებობს – ეს არის აღირებული საარჩევნო სამართალში. ეს რომ ასე არ იყოს, ნებისმიერი საარჩევნო ბარიერი არალეგიტიმური იქნებოდა. რატომ ხდება, რომ ლიტვაში ან გერმანიაში დაწესებულია 5%-იანი ბარიერი, ზოგან 4%-იანი ბარიერი? შეიძლება რომელიმე სუბიექტმა არჩევნებში 4% მიიღოს და მისცე 6 მანდატი, მაგრამ რატომ არ აძლევ? იმიტომ არ აძლევ, რომ საარჩევნო სამართალში აღიარებული პრინციპია, რომ პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის არ არის ტოლობის ნიშანი, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, არის გარკვეული შეზღუდვები პროპორციულობის კუთხით, რაც არის არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ სწორიც საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების დროს.

– 5%-იანი ბარიერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არავინ დაობს. რაც შეეხება გადაუნაწილებელი მანდატების საკითხს, ეს რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით პროპორციულობის პრინციპს ზღუდავს, თუმცა ეს შეზღუდვა არის ლეგიტიმური, რადგან პროპორციულობა არ ნიშნავს სამართლიანობას. ეს არის მინიმალური დანამატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მიენიჭება და არ ქმნის გადამწყვეტ დისპროპორციას, რამაც შეიძლება პროპორციულობის პრინციპს ჩრდილი მიაყენოს, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ არის ეს პროცესზე ძალადობა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში დაგეგმილია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რაც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ისედაც ბონუსს წარმოადგენს.
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში ჩადებული პრინციპი ლეგიტიმურია და ის ემსახურება სტაბილურობას, პროპორციულობასთან ერთად.

ინტერპრესნიუსი