ირაკლი კობახიძე: „რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2.500 კაცს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ კონსტიტუცია განიხილოს“

ირაკლი კობახიძე: „რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2.500 კაცს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ კონსტიტუცია განიხილოს“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს. ირაკლი კობახიძემ ჯგუფს, რომელიც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევს, კომუნისტები უწოდა.

– ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ.

ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2.500 ადამიანს მივცეთ საშუალება გაიგოს თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. შესაძლოა ეს არ გაინტერესებს, თუმცა 2.500 ადამიანია შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ. აქ ადამიანები გარკვეული მოთხოვნებით მოვიდნენ, თუმცა იმის მოსმენაც არ უნდათ, რას ვპასუხობთ ამ მოთხოვნებზე.

თუ გაინტერესებთ რა პასუხები გვაქვს, გთხოვთ, მოისმინოთ რა ცვლილებები შედის. თუ თქვენი ამოცანაა მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში გთხოვთ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ.

თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2.500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს კონსტიტუცია, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დაადექით სწავლის, განათლების გზას, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა, – განაცხადა კობახიძემ.