ნოდარ ხარშილაძე: ,,ირაკლი კობახიძის განცხადება არასწორია, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“

ნოდარ ხარშილაძე: ,,ირაკლი კობახიძის განცხადება არასწორია, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა““საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, როცა ის აცხადებს, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალები არც დღეს ექვემდებარება.

ხარშილაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს უცნაურს უწოდებს.

“პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნამდვილად არ არის სწორი, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ასევე ის ნიშნავს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეიარაღებულ ძალებში, ანიჭებს მათ წოდებებს და იგი არის პასუხისმგებელი მთლიანად შეიარაღებული ძალების სარდლობაზე. მთავარსარდალი ტყუილად არ ჰქვია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება (“არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება” – ავტ.) ფაქტობრივად არასწორია. უცნაურია, რატომ იმეორებს ამას ბატონი კობახიძე. ეს საკუთარი თავის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”- განუცხადა “ნიუპოსტს” ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესში რამდენიმეჯერ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ძალები არ ექვემდებარებიან:

„ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ – არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება“ – განაცხადა კობახიძემ.

ნიუპოსტი