კახა კუკავა: „შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება ერთიდაიგივე სისტემაა“

კახა კუკავა: „შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება ერთიდაიგივე სისტემაა“– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება და კონსტიტუციის ეს პროექტი ძალაში ვერ შევა! უბრალოდ, პრობლემა სხვა რამეშია, რომ ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე დავდივართ და მუდმივად ნეგატივში ვართ, – აცხადებს კახა კუკავა.

„ახალი თაობის“ კითხვაზე მოხდება თუ არა 2018 წელს პირდაპირი წესით არჩევა?

– მე არ ვიცი, ამ ვერსიას რომელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ავრცელებენ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლები იყო ძალიან მწვავე და ამას უწოდო კოჭის გაგორება, არ არის სამართლიანი. დღეს ხელისუფლება ჭაობშია ჩაფლული. ამ ხელისუფლების სახე მურუსიძეები არიან, რომლებიც ჯერ თავზე დაგვასვეს და ახლა უვადოდაც გვინიშნავენ.

ეს ავტორიტარული რეჟიმის საყვარელი მეთოდია, ზაფხულში, როდესაც საზოგადოება ნაკლებად აქტიურია, ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანონ. თუმცა ეს პრობლემას არსებითად არ აგვარებს და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მურუსიძე ოპოზიციის პრობლემა კი არ არის, ხელისუფლების პრობლემაა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლო სისტემამ, მას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ამ სასამართლოს სახე არის მურუსიძე. დადგება დრო და ხელისუფლებას მოუწევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა ამაში.

შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება არის არსებითად ერთი და იგივე რეჟიმი, ერთი და იგივე სისტემა. ეს ხელისუფლებაც არის იგივე. შევარდნაძიდან დღემდე ერთმანეთის ღვიძლი ძმები არიან.