– მმართველი პოლიტიკური ძალის ამოცანა უფრო არის ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველობის ყველა დონეზე და არა დემოკრატიის განვითარება.
ამას ვამბობ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: პირველ რიგში, თვითმმართველობებისადმი დამოკიდებულება. მათი კომპეტენციის, ფინანსური შეზღუდვა და 7 მუნიციპალიტეტის ამოქმედების იდეა. მეორე, პრეზიდენტის ინსტიტუტის კომპეტენციის შეზღუდვა, შეკრეჭა. ასევე, კონსტიტუციის პროექტთან ერთად წარდგენილია განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მის სტატუსს აკნინებს. ეს არ არის კარგი, როგორც დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლების ავტონომიასთან. ამას უფრო აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგის კონტექსტში ვამბობ. ეს ქვეყანა მათთვის მიმზიდველი უნდა იყოს, მათ არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ თვითრეგულაციის ფარგლებში შეზღუდულები იქნებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე დღეს თუ ხვალ აუცილებლად გაკეთდება აქცენტი.
სწორედ ამ კონტექსტში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი გამაერთიანებელი იყო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები. რეალურად აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატები პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები, ერთადერთი, რაც კონსტიტუციურად გვაერთიანებდა, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, იყო ის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ყველა მოქალაქის მიერ ირჩეოდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. შესაძლოა, ეს იყოს ვიღაცისთვის ძალიან მცირე პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ამას როდესაც საფუძველს აცლი, ეს არაგონივრული გადაწყვეტილებაა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
კონსტიტუციონალისტი არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ
პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი მოგვცემს შესაძლებლობას, ზეპარტიული პრეზიდენტი ავირჩიოთ..
– ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს არის ტყუილი. ის წესი, რომელიც კონსტიტუციის პროექტში არის ჩაწერილი და შემოთავაზებული, სწორედ პარტიული პრეზიდენტის არჩევას გულისხმობს.
ჩანაწერის მიხედვით 300 ხმოსნიდან ანუ საარჩევნო კოლეგიიდან, 150 წევრი პარლამენტის წევრია, ანუ პარტიის წარმომადგენელია, დანარჩენიც ირჩევა საკრებულოებიდან პარტიების მიერ წარმოდგენილები. რეალურად ვიღებთ პარტიულ პრეზიდენტს. დღეს არსებული ჩანაწერით სწორედ ასე გამოდის. შემოთავაზებული სისტემით პარტიები ნიშნავენ ხმოსნებს.
გარკვევით უნდა ვთქვა, რომ ხმოსნებს საკრებულოები არ ირჩევენ, ეს ორი განსხვავებული რამაა და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ამ კონკრეტულ საკითხზე. არათუ ევროპაში, მსოფლიოში არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელშიც ხმოსნებს პარტიები ნიშნავენ. საქართველო იქნება ამ სიმახინჯის ერთადერთი მაგალითი, თუკი, რასაკვირველია, ეს სისტემა კონსტიტუციურად ამოქმედდება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს დადებითად წარმოადგენდეს, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

