მაკრონმა პუტინს მოთხოვნები წაუყენა – “ქიმიური იარაღის გამოყენებას საფრანგეთიდან პასუხი მოჰყვება”

მაკრონმა პუტინს მოთხოვნები წაუყენა - "ქიმიური იარაღის გამოყენებას საფრანგეთიდან პასუხი მოჰყვება"დღეს, 29 მაისს, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვერსალში შეხვდნენ. მათი შეხვედრისას საუბრის მთავარი თემები სირია, უკრაინა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ დიალოგი იქნებოდა მომთხოვნი და ის დათმობაზე წასვლას არ აპირებდა თავის რუს კოლეგასთან, რომელმაც მას არჩევის შემდეგ მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც „ორმხრივი უნდობლობის დაძლევის“ სურვილი გამოთქვა.

– სირიის საკითხში მე შევახსენე, რა არის ჩვენი პრიორიტეტები. ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთს დაუყოვნებლივი რეაგირება ექნება და ამ ფაქტს პასუხი მოჰყვება. ჩვენ პრიორიტეტი არის ტერორიზმთან ბრძოლა. მე ვისურვებდი, რომ ამ სფეროში რუსეთთან მეტად გვეთანამშრომლა, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ პუტინმა დააანონსა რუსულ-ფრანგული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ითანამშრომლებს.

შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე წინ წამოსწია ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანის მიმართ განხორციელებული დევნის საკითხიც.

– მე მუდმივად ფხიზლად ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა პუტინმა დამარწმუნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით ზომებს იღებს, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ემანუელ მაკრონმა თავის რუს კოლეგას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც შეახსენა და სურვილი გამოთქვა, რომ მიღწეული იქნეს კონფლიქტის დეესკალაცია.

მაკრონმა კრემლის ზეგავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებზეც ისაუბრა და Russia Today და Sputnik -ი სიცრუის გავრცელებაში კიდევ ერთხელ, ამჯერად ვლადიმირ პუტინის თვალწინ დაადანაშაულა.

– Russia Today და Sputnik პროპაგანდის საშუალებები არიან. როდესაც მედიასაშუალებები სიმართლის მაგივრად მიზანმიმართულ ცილისწამებას ავრცელებენ, ისინი უკვე აღარ არიოან ჟურნალისტები, არამედ ისინი არიან გავლენის მოსახდენი უწყებები, – განაცხადა მაკრონმა.

ერთობლივი განცხადებების შემდეგ მაკრონმა და პუტინმა გამოფენა გახსნეს, რომელიც 1717 წელს პეტრე პირველის საფრანგეთში ვიზიტს ეძღვნებოდა. ეს ვიზიტი რუსეთ-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თარიღადაც ითვლება.

ნიუპოსტი