წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა რესპუბლიკა ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს. მიზეზი ნაურუსგან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალზელანდიური მედია radionz.co.nz ავრცელებს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. კანონს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს, გაეროს ბავშვთა ფონდს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და გაეროს ფონდს. ეს ორგანიზაციები ნაურუს ეხმარებოდნენ.
ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა.
ნიუპოსტი

