ნინი ბადურაშვილი მამის ფილმში მურატ ილდირიმთან ერთად ითამაშებს – ”მურატი ძალიან სასიამოვნო ადამიანია”

ნინი ბადურაშვილი მამის ფილმში მურატ ილდირიმთან ერთად ითამაშებს - ”მურატი ძალიან სასიამოვნო ადამიანია”მომღერალ ნინი ბადურაშვილი მამის, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის, ფილმში მთავარ როლს ითამაშებს. მისი პარტნიორი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით მისი მშვენიერი ნაწილისთვის, უსაყვარლესი თურქი ვარსკვლავი, მურატ ილდირიმი იქნება. ამის შესახებ მომღერალი ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა:
– მამაჩემი იწყებს ფილმის გადაღებას. ერთ-ერთ მთავარ როლში მე ვიქნები. ეს იქნება თურქულ-ქართული პროექტი. ჟანრს რაც შეეხება, დრამაა.
– რომელი მსახიობები გაგიწევენ პარტნიორობას?
– მურატ ილდირიმი. პროფესიით მსახიობი ვარ და ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნებაა, კინოში მთავარი როლი ვითამაშო. ყველაზე მეტად ამ პროექტზე ვღელავ, ძალიან საპასუხისმგებლოა, მით უმეტეს, მურატი ასეთი გამოცდილი მსახიობია. ალბათ მისი პარტნიორობა ადვილი არ იქნება.
– საქართველოში როცა იყო ჩამოსული, ალბათ გაიცანით.
– მურატი მაშინ გავიცანი, როცა ვმონაწილეობდი პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები”. მას შემდეგ არ შემხვედრია. ამას წინათ კინოჯგუფი ჩავედით სტამბულში და მურატს იქ შევხვდი.
– როგორი რეაქციით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ქართულ ფილმში ითამაშებს და მისი პარტნიორი თქვენ იქნებით?
– სტამბულში რომ მნახა, გაუხარდა. გაახსენდა ის პერიოდი, როცა “ცეკვავენ ვარსკვლავები” მიმდინარეობდა და თვითონ ჟიურიში იყო. მურატს ქართველები ძალიან უყვარს და ქართველ ბავშვებს ეხმარება. ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდშიცაა.
– მურატ ილდირიმზე ქართველი ქალები გადარეულები არიან. თქვენც ასე მოგწონთ ის?
– მურატზე მართლაც გიჟდებიან. მასთან ერთად ჯერ არ მითამაშია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მას ძალიან კარგი, დადებითი აურა აქვს, ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობ, რადგან ის დაქორწინებულია. სანამ დაქორწინდებოდა, მანამდე გავიცანი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა, მხოლოდ გაცნობა იყო. როგორც ვიცი, ბავშვსაც ელოდება და ძალიან მიხარია.
– მამათქვენის ფილმში პირველად ითამაშებთ?
– მის ფილმებში პატარა როლები მქონია, მაგრამ მაშინ პატარაც ვიყავი. “ყარაბაღის” ორივე სერიაში ვითამაშე, ასევე სერიალშიც მქონდა პატარ-პატარა როლები. ასეთ გრანდიოზულ კინოში არასდროს მიმიღია მონაწილეობა.
– როგორია მამასთან ერთად მუშაობა?
– სხვათა შორის, მამა ძალიან რბილი ხასიათისაა, მაგრამ გადაღებებზე მკაცრია. მისი განრისხებაც მინახავს, ვიღაცამ თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა.
– 30 წელს რომ გადააბიჯეთ, როგორ შეხვდით ამ ასაკს?
– ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ, მაგრამ, 31 წლის რომ ვარ, მაინც ვერ ვხვდები. რიცხვები ადის, შენ კი ზუსტად იგივენაირი ხარ, თუმცა შიგნით ცვლილებები ხდება. ახლა უკვე სხვა ფასეულობები წამოვიდა წინ. მეგობრების წრეში უფრო მინდა ყოფნა, ოღონდ სახლში და არა მაინცდამაინც კლუბში. უფრო მეტად მინდა შვილთან ურთიერთობა.
უკვე ვაანალიზებ, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. ახლა უფრო ვფიქრობ, რომ ჩემს თავზე ვიმუშაო, ბევრი რაღაც მოვასწრო, სანამ ახალგაზრდა ვარ ან კარგად გამოვიყურები.
– წლების მატება თქვენს გარეგნობაზე, გემოვნებაზე როგორ აისახა?
– ვფიქრობ, ახლა ბევრად უფრო კარგად გამოვიყურები, ვიდრე 20 წლის ასაკში. მეუბნებიან, რომ მაშინ უფრო სავსე ვიყავი და ეს მიხდებოდა, რასაც ვერ დავეთანხმები. ძალიან მომწონს ჩემი წონა, თავს კომფორტულად ვგრძნობ.
სარკეში რომ ვიყურები, დღეს უფრო დაწყნარებული სახე მაქვს, ვიდრე 10 წლის წინ.
– დიეტით გახდით?
– არა, თავისით მოხდა. ელენე რომ გავაჩინე, ბუნებრივად დავიკელი წონაში. თან ახლა აქტიურად ვვარჯიშობ.
– პირად ცხოვრებაში რამე ხდება?
– არაფერი. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ არავინ მინდა, ალბათ ამის დრო არ არის. სიმართლე გითხრათ, არც ისე ვარ, გინდა თუ არა, ვიღაც უნდა მყავდეს შეყვარებულიო. თუ გამოჩნდება, გამოჩნდება, თუ მომეწონება, მომეწონება, თუ არა და, ისედაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
– თქვენს მეგობარს, მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს, რომელიც ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარადგენს, საგულშემატკივროდ უკრაინაში გაჰყვებით?
– აუცილებლად უნდა გავყვე. თაკო და ეს სიმღერა კარგ ადგილს აიღებენ. მოგებაზე კი ვფიქრობთ, მაგრამ ძალიან პოლიტიკური კონკურსია, ამიტომ წინასწარ რამის თქმა გვიჭირს. ის უფრო ადრე წავა, მე ფინალზე ჩავალ.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”