რა ხდება „ოცნების“ კულუარებში, რას ვერ იყოფს „ოცნება“, ვის წინააღმდეგ იგეგმება კომპრომატების გამოქვეყნება, რა სასჯელი დაადეს კობახიძეს? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– „ქართულ ოცნებაში“ კარგა ხანია რაც სერიოზული უთანხმოებაა, რაც ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ეს კაცი 10 დღით ქვეყნიდანაც კი გააძევეს. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თავიდან 3 თვიან სასჯელზე იყო საუბარი _ ეს დრო უნდა გაეტარებინა საზღვარგარეთ, მერე შეიწყალეს, მაგრამ მოსთხოვეს ნაკლებად იაქტიუროს.
აქტიურობას ვინ ჩივის, ამ ახალგაზრდას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზეც კი აღარ აწვდიან ინფორმაციას. მოგეხსენებათ, ის ახლა ბერლინშია. იმ დღეს მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რა ხდებოდა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამ დროს დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და ზაზა გაბუნიამ განაცხადეს, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდებაო.
დღეს ირაკლი კობახიძე ფაქტიურად მოტეხილია, მაგრამ ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება. ამას დიდი და ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვება, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ლადო სადღობელაშვილმა.
მისი განცხადებით, პარლამენტის სპიკერი ვასილ მაღლაფერიძის და სოზარ სუბარის კადრია. ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ, რომელიც ცოტა ხნის წინ რაღაც დოზით შეკრული იყო კალაძესთან. ამასობაში ზოგიერთებს თბილისის საკრებულოში გუნდის გაყვანის და მერის მოადგილეების დანიშვნის ამბიციები გაუჩნდათ, რამაც ვითარება დაძაბა.
– ვის გაუჩნდა ეს ამბიციები?
– სუბარის და მაღლაფერიძის ჯგუფს. მათ წარმომადგენელ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში თავისი გუნდი ჰყავს. მათაც თავისი ამბიციები და პრეტენზიები აქვთ. საკრებულოში მყოფი ადამიანებიც თავის პირობებს აყენებენ. `ოცნებაში~ ერთმანეთის სერიოზული დაჭმა მიდის. წინ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის შედარებით შეკრულები იყვნენ. ახლა სხვა ვითარებაა და ერთმანეთზე კომპრომატებს გამოყრიან.
ხომ ამბობს `ოცნება~, კალაძეა ჩვენი მერობის კანდიდატიო, ახლა ნახეთ, რა დღეს დააყრიან მას კობახიძის, მაღლაფერიძის და სუბარის დაჯგუფება.
– რა დღე უნდა აყარონ? ზემოთ ხომ თქვით, კალაძესთან იყვნენ დაახლოებულიო. თანაც, როგორც ამბობენ, კობახიძე კალაძემ მიიყვანა „ოცნებაში“.
– არა, არა. პარლამენტის სპიკერი `ოცნებაში~ მაღლაფერიძემ მიიყვანა. ბიძინას უთხრა: აი, რა კარგი ბავშვია, გერმანიაში აქვს განათლება მიღებულიო. ამ მაღლაფერიძეს მაგრად არ აწყობდა ღარიბაშვილის პრემიერობა და ამიტომ შეეკრნენ კალაძეს.
ღარიბაშვილის მოშორების შემდეგ მათ შორისაც მოხდა განხეთქილება. ისინი მერის მოადგილეებს და საკრებულოს მანდატებს ვერ იყოფენ. იმასაც კარგად ხვდებიან, რომ თბილისში 50%-ის აღება გაუჭირდებათ და არის წეწვა-გლეჯვა.
კონსტიტუციის განხილვამ გუნდში კიდევ უფრო მეტი ბზარი გააჩინა. უმრავლესობაში არსებული დაჯგუფებები თითქმის ყველა საკითხზე უპირისპირდებიან ერთმანეთს.
შიდა კულუარებიდან ვიცი, ისეთ დღეში არიან, ერთმანეთს დედას აგინებენ. ასეთ დედის გინებას სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, უფრო ამ წლის ბოლოსკენ, „ოცნება“ ნაცმოძრაობასავით დაიშლება. ამის წინაპირობა არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაჯგუფებები ერთმანეთს დიდხანს ვერ აიტანენ.

