როგორია რუსეთის რბილი ძალა საქართველოში?

როგორია რუსეთის რბილი ძალა საქართველოში?სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, საქართველოში რუსეთისა და ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა მცირდება, რუსული პროპაგანდა კი ისევ შეინიშნება.

რამდენიმე თვის წინ ბალტიისპირელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი, ღია აგრესიის პარალელურად, გააძლიერებს რბილი ძალის გამოყენებას საქართველოში. ჩვენთან ამ ტერმინს ხშირად არ იყენებენ, თუმცა მუდმივად საუბრობენ მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდაზე.

ამერიკელი ექსპერტი ჯოზეფ ნეი განმარტავს, რას მიიჩნევს რუსეთი რბილ ძალად და როგორ იყენებს ეს სახელმწიფო მას სხვადასხვა ქვეყანაში.

მისი შეფასებით, რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და, სავარაუდოდ, საფრანგეთის არჩევნებში, არ გამოიწვევს გაკვირვებას, თუ გავიხსენებთ პუტინის შეხედულებას რბილ ძალაზე. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რბილი ძალა ინსტრუმენტებისა და მეთოდების კომპლექსია საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იარაღის გამოუყენებლად, ზემოქმედებისთვის საინფორმაციო და სხვა ბერკეტების გამოყენებით.

საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში რბილი ძალის გამოყენების იდეა რუსეთმა 2013 წელს ჩართო. 2016 წელს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა აღიარა, რომ ნებისმიერ საგარეო საფრთხეზე პასუხი ტრადიციული სამხედრო მეთოდებით შეუძლებელია და მათ ჰიბრიდული მეთოდებით უნდა დაუპირისპირდე.

ჯოზეფ ნეის სიტყვებით, კრემლისთვის ფერადი რევოლუციები და არაბული გაზაფხულის აჯანყებები ამერიკული რბილი ძალის გამოყენების ნიმუშებია.

მისი განმარტებით, რბილ ძალას უწოდებენ ზემოქმედების არასამხედრო მეთოდებს. ეს ზუსტი არ არის – რბილი ძალა არის უნარი, მიიღოთ ის, რაც გსურთ, მიმზიდველობითა და დარწმუნებით და არა – მუქარითა და გადახდის შეთავაზებით.

ამის მაგალითად გამოდგება მოკლული ტერორისტი ოსამა ბენ ლადენი. მას არ გამოუყენებია მუქარა და ფული იმისთვის, რომ სხვებს შეეჯახებინათ თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებისთვის 2001 წლის სექტემბერში. ბენ ლადენმა ისინი იდეებით მოხიბლა, რათა მათ ბოროტება ჩაედინათ.

რას ეყრდნობა რუსეთი?

ჯოზეფ ნეის თქმით, რუსეთი თავის რბილ ძალას აგებს ტრადიციონალიზმის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ნაციონალური ექსკლუზიურობის ბაზაზე. ამან იმოქმედა ზოგიერთ ქვეყანაზე. მაგალითად, უნგრეთზე, რომლის პრემიერი არალიბერალური დემოკრატიის მომხრეა, ასევე, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში მცხოვრებ დიასპორებზე, აზიის გაღარიბებულ სახელმწიფოებსა და დასავლეთ ევროპის პოპულისტურ მიმდინარეობებზე.

რუსეთი ერევა ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკაში, რათა შეამციროს ნატოს მიმზიდველობა.

კრემლი გაიწაფა ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში. ამ ხერხს საბჭოთა დროსაც იყენებდნენ, ახლა კი ამის გაკეთება უფრო იაფია. ამისთვის გამოიყენება სოციალური ქსელები.

ექსპერტის დასკვნით, საერთაშორისო პოლიტიკა თამაშს ემსგავსება – დიდი კონკურენციაა ნდობის მოპოვებაზე.

საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკურ სვლას. ბოლო დროს დასავლეთმა მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ამის შედეგად რუსეთის აგრესია საქართველოში შენელდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაღიზიანებული რუსეთი საქართველოში უფრო მეტ ღია პროვოკაციაზე წავა.

რბილ ძალას რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებს.