„რუსეთი ახალ აგრესიას დაიწყებს“

„რუსეთი ახალ აგრესიას დაიწყებს“დასავლელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან ახალ აგრესიას ვარაუდობენ. რუსეთის სამიზნეებში მოიაზრება საქართველოც. ამის შესახებ ანალიტიკოსებს ადრეც უსაუბრიათ.

ახალი აგრესიის საბაბს იძლევა რუსეთის ხელისუფლების შერყეული ავტორიტეტი საკუთარ ქვეყანაში და რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

მომავალი წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. პრეზიდენტ პუტინს, რომელიც პრეზიდენტობას კიდევ აპირებს, ძველებურად მყარი პოზიციები აღარ აქვს. მისი რეიტინგი დაეცა. ეკონომიკური გაძლიერების შანსი რუსეთს არ გააჩნია.

პოლონელი ანალიტიკოსების სიტყვებით, მაშინ, როცა რუსეთის მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ შემცირდა, ხოლო მაცივარმა აჯობა ტელევიზორს, პუტინმა გააჩაღა ომი უკრაინაში.

დღეს რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს დღეშია. აქედან გამომდინარე, კრემლისგან მოსალოდნელია მძიმე სცენარები.

რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება დიდია. რეალური პროტესტი და გულწრფელი აღშფოთება გამოიხატება არა მოსკოვის სანახაობად ქცეულ საპროტესტო აქციებზე, არამედ, პერიფერიებში. ოპოზიციის ლიდერები ალექსეი ნავალნი და მიხეილ ხოდორკოვსკი კრემლის ნამდვილი მოწინააღმდეგეები არ არიან, ამიტომ, მათ არ არბევენ. დაღესტანში გამოსულ ხალხს კი ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჯავშანტრანსპორტიორები მიუსია.

რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს 84%-ით ავსებს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. რუსეთს ნავთობი ეწურება. ამჟამად მარაგის მხოლოდ 6% დარჩა. გარდა ამისა, 2014 წელს დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა იზარალა 170-დან 250 მილიარდ დოლარამდე. ხელისუფლება ზრდის გადასახადებს და ამცირებს სოციალურ პროგრამებს. ასე მოხდა ანექსირებულ ყირიმში.

პუტინისგან აგრესიას ელიან ჩეხი ექსპერტებიც. მათი ინფორმაციით, როცა საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ანექსია, პუტინი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. მაგალითად, ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილების მიღების დროს რუსეთის პრეზიდენტთან მარტო უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი იმყოფებოდა.

პუტინს ჰყავს თანამოაზრეები და არაოფიციალური მრჩევლები. პუტინი მათ ხანდახან უსმენს. არის შემთხვევები, როცა გადამწყვეტია სპეცსამსახურების თანამშრომლების პოზიცია. მაგალითად, ხელისუფლებამ არ შეისმინა ბიზნესის მოწოდება უკრაინასთან დაკავშირებით. ბიზნესელიტა მოუწოდებდა პუტინს, არ გაერთულებინა ურთიერთობა დასავლეთთან და არ მიეყვანა საქმე სანქციებამდე.

ჩეხი ექსპერტების თქმით, პუტინისა და მისი გარემოცვის მთავარი საზრუნავი ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა, რისთვისაც ყველანაირ მეთოდს გამოიყენებენ.

ითვლება, რომ რუსეთის ხელისუფლება კარგად იყენებს აშშ-ის პრეზიდენტის გადაცდომებსა და არათანმიმდევრულობას. რუსეთის ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან ისევ ბურუსითაა მოცული.

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ შეფასებით, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება რუსეთისადმი გამოცანაა.

გაზეთის აზრით, მოკავშირეები ტრამპისაგან თანმიმდევრულ ნაბიჯებს არ ელიან. იგი არაპროგნოზირებადია, რაც იწვევს დესტაბილიზაციას მსოფლიოში.

ამ დღეებში ტრამპმა თავისი ტურნეს დროს მიმართა მოკავშირეებს საუდის არაბეთსა და ისრაელში. მისი განცხადებები დამამშვიდებელია, მაგრამ ისინი არ ხსნის მანამდე ჩამოყალიბებულ გაურკვევლობას.

ამერიკის მოკავშირეები შეშფოთებული არიან აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებებით. ტრამპი სხვა სახელმწიფოებს ექცევა, როგორც კონკურენტებს ბიზნესში, რომლებიც ან უნდა მოხიბლო, ან კალაპოტიდან ამოაგდო. თავად პრეზიდენტი ამას გარიგების ხელოვნებას უწოდებს, მაგრამ დიპლომატიაში არაპროგნოზირებადობა საშიშია. განსაკუთრებით, ამერიკის მოკავშირეებისთვის, რომლებიც თავიანთ გლობალურ სტრატეგიას აგებენ აშშ-ის სტაბილურობასა და საიმედოობაზე.

„ფაინენშელ თაიმსის“ სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტი გაურკვევლობის სამი დონით ხასიათდება: პირველია პოლიტიკური კურსი, მეორე _ ტემპერამენტი და მესამე _ მდგომარეობის არამდგრადობა.

აშშ-ში არიან დონალდ ტრამპისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების მსურველები. ერთ-ერთი მათგანია წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი ელ გრინი. მისი აზრით, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დასაწყებია იმის გამო, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას.

გამოძიება იკვლევს ტრამპის შესაძლო კავშირს რუსეთთან საპრეზიდენტო არჩევნების დროს.