თამარ ჩხეიძე: “რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი, როცა გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს?”

თამარ ჩხეიძე: "რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი, როცა გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს?"– საპარლამენტო მოდელის წინააღმდეგი არა ვარ. პირიქით, საპარლამენტო მმართველობა მისაღებია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგოს. საპარლამენტო მმართველობის დროსაც შესაძლებელია, პრეზიდენტს ჰქონდეს გარკვეული უფლებები და ის პირდაპირი წესით ირჩეოდეს. პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამაწონასწორებლის, დამბალანსებლის ფუნქცია, – აცხადებს თამარ ჩხეიძე.

მისი აზრით, მაჟორიტარი დეპუტატების გამოფხიზლებას მიზეზი აქვს.

– მაჟორიტარები ყოველთვის, ყველა პარლამენტში, გამოირჩეოდნენ მორჩილებით ხელისუფლების მიმართ. მათგან აქტიურობა ქვეყნის პრობლემებზე დიდი იშვიათობა იყო. როგორც ჩანს, ახლა ამ ადამიანებმა საკუთარი ინტერესის შელახვა იგრძნეს და ამიტომ გამოცოცხლდნენ.

“ახალი თაობის” კითხვაზე რამდენიმე თვეა, საუბრობენ პრემიერისა და რამდენიმე მინისტრის შეცვლაზე. საზოგადოებისთვის ამით რა შეიცვლება?

– საზოგადოებისთვის ასეთი ცვლილებებით არაფერი შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი, როცა გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ერთადერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი იღებს? საკადრო კარუსელი სჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხს შეუქმნან სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილების ილუზია. გარდა ამისა, ხელისუფლების შიგნით გარკვეულ ჯგუფებს შორის კონკურენცია და ბრძოლაა. ცვლილებებით დაკმაყოფილდება ამა თუ იმ ჯგუფის ვიწრო ინტერესი, – აცხადებს თამარ ჩხეიძე.