ცოტნე ანანიძე ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ

ცოტნე ანანიძე ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ– ლევან ვარშალომიძე პოლიტიკურ ჩიხშია.

ასე უპასუხა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ცოტნე ანანიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას. მისივე თქმით, ლევან ვარშალომიძე ბათუმის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
– 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ლევან ვარშალომიძე პოლიტიკურ ჩიხშია, იგი თავისი განცხადებების პოლიტიკური ტყვეა. ბათუმის მოვლენების შემდეგ, ცდილობს ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს და ათასგვარ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, 11-12 მარტის ბათუმის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო მართული. მისი თქმით, ირაკლი ჩხვირიკია ბათუმში მაშინ ჩავიდა, როცა აქცია დასრულებული იყო.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში 20 პირი იმყოფება, აქედან ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს აქციის ორგანიზება ედებათ ბრალად.

ინტერპრესნიუსი