უჩა ნანუაშვილი: „სახეზეა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები“

უჩა ნანუაშვილი: „სახეზეა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს. აღნიშნულ განცხადებებს უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციად აფასებს:

– ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდა, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მმართველი გუნდის განცხადებებს ომბუდსმენის მიმართ აფასებენ ოპოზიციის რიგებშიც. ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებენ:

– ურჩის კატეგორიაში ჰყავთ აყვანილი სახალხო დამცველი. ეს არის ძალიან საშიში ვითარება, როდესაც მმართველ ხელისუფლებას ვერ აუტანია კრიტიკა. ეს დავა აჩვენებს იმ უარყოფით ტენდენციას რომელიც ერთის მხრივ კონსტიტუციაშიც აისახა და მეორეს მხრივ პოლიტიკური შანტაჟის გზით ხორციელდება ყველა სახელმწიფო მოხელეზე, – ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები:

– არის გარკვეული თემები, სადაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბატონ უჩას და მის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსთავი 2-ის თემასთან დაკავშირებით. არ იყო მითითებული, რომ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, უბრალოდ გარკვეული კითხვის ნიშნები იყო გამოთქმული მაგრამ ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი, – აცხადებს სოფო კილაძე.