ვახტანგ მაისაია: „ახლანდელი პრეზიდენტი ბუტაფორიაა“

 

ვახტანგ მაისაია: „ახლანდელი პრეზიდენტი ბუტაფორიაა“პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და ომის პერიოდში უხელმძღვანელებს სამხედრო საბჭოს, ოღონდ, სხვა პერიოდში მას ჯართან შეხება არ ექნება. ომის პერიოდში იქმნება სამხედრო საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

– უმაღლესი მთავარსარდალი არ არის მხოლოდ ომის პერიოდისთვის. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობიანობის დროსაც უნდა მართოს შეიარაღებული ძალები. ომი რომ დაიწყება, მაშინ ტრანსფორმაცია და პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადასვლა შედეგს ვერ მოიტანს.

პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო იყო ქმედუუნარო. რას მუშაობდა, რატომ ვიხდიდით ფულს გადამხდელები, ჩემთვის გაურკვეველია, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ვახტანგ მაისაია.

მისი განცხადებით, როდესაც უშიშროების საბჭო გარდაიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციად, არავითარ ფუნქციას არ ასრულებს, არავითარი ბერკეტები არ აქვს.

– საპრეზიდენტო მოდელმა ქვეყნის განვითარების საქმეში მაინცდამაინც არ გაამართლა. პირველი პრეზიდენტი დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად. მეორე პრეზიდენტის პერიოდში მივიღეთ კორუმპირებული, გაჩანაგებული საქართველო. მესამე პრეზიდენტმა

შექმნა ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ევროპაც კი გააოცა თავისი სისასტიკით, ქვეყანა მიიყვანა ომამდე და ტერიტორიები დააკარგვინა.

დღევანდელი პრეზიდენტი რასაც წარმოადგენს, ხედავთ. ასეთი ტიპის პრეზიდენტი რაში გვჭირდება. ეს არის ბუტაფორია. მისი ყოფნა არაფრის მომტანია, – აცხადებს მაისაია.