პოლიტოლოგი, სოციოლოგი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდეტის ჯეიმს კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი პარასკევს ვირჯინიის ერთ-ერთ კლინიკაში 90 წლისა გარდაიცვალა. გაზეთი The New York Times-ის ცნობით, ამის შესახებ პოლიტოლოგის ქალიშვილმა მიკა ბჟეზინსკიმ ინსტაგრამზე დაწერა.
ბჟეზინსკი პოლონური წარმოშობის სახელმწიფო მოღვაწე იყო. ის 1928 წელს პოლონელი დიპლომატების ოჯახში დაიბადა, 1950-იან წლებში მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. მისი როგორც პოლიტოლოგის და სოციოლოგიის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სამყაროს შესწავლა იყო. 1977-1981 წლებში მას აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩევლის თანამდებობა ეკავა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში.
1981 წელს ბჟეზინსკი თავისუფლებისთვის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვეს, ეს აშშ-ში სამოქალაქო პირებისთვის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა.
ზბიგნევ ბჟეზინსკი აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოებას უჭერდა მხარს. აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პოლიტოლოგი თანამშრომლობდა ამერიკის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის იყო დემოკრატიის მხარდაჭერის ორგანიზაციის და Freedom House-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

