“2020 წლიდან ხელისუფლებას კახა კალაძე გადაიბარებს”

"2020 წლიდან ხელისუფლებას კახა კალაძე გადაიბარებს"– ეს ხელისუფლება ბოლომდე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, რასაც მოჰყვება იგივე სცენარი. ჯერ გეუბნება ვენეციის კომისია, მერე ევროპის საბჭო, მერე გეუბნება ევროპის პარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. თუ ვერცერთს ვერ გაიგებ, მერე ჩამოვა რომელიმე პოლკოვნიკი და ყველაფერი დატრიალდება იმ სცენარით, რომელიც არაერთხელ გვაქვს ნანახი. ამ სცენარს კი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს ტიპის ქვეყანა და არც უნდა გაუწიოს. გამოსავალი არის ერთადერთი – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, – აცხადებს კახა კუკავა.

მისი ვარაუდით, ივანიშვილის ხელისუფლება შეიძლება კალაძემ გადაიბაროს.

– თუ კახი კალაძე დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატად, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 90% ალბათობით ვთქვათ, რომ ის არის საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი.

ეს ადამიანი არის ერთადერთი მმართველ გუნდში, რომელიც აკეთებს ღია, საჯარო განცხადებებს, რომლებიც დისტანცირებულია ხელისუფლებისგან.

მეორეც, ყველა ხვდებით, რომ თბილისის მერი ამ კონსტიტუციურ მოწყობაში, რომელიც “ოცნებამ” თვითონ გააკეთა, ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობაა მთელ ქვეყანაში. პრეზიდენტს ფუნქციები აღარ ექნება, პრემიერ-მინისტრი არჩევითი არ არის და მარიონეტია, რომელსაც როცა უნდათ, ხსნიან და როცა უნდათ, ნიშნავენ. ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმური თანამდებობა არის თბილისის მერი, რომელსაც ჰყავს თბილისში ათასობით დასაქმებული შტატი, რომელსაც აქვს 800-მილიონიანი ბიუჯეტი და უზარმაზარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია.

„ახალი თაობის“ კითხვაზე – აქვს ამის ბერკეტი კალაძეს, რომ ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს? – კუკავა პასუხობს:

– ის ქმნის. ჯერჯერობით მას არ ჰყავს ეს გუნდი, მაგრამ ეს მოგვარებადი პრობლემაა. 2018-2019 წლებში ის დატოვებს მმართველ პარტიას და მის ირგვლივ შეიქმნება ახალი პოლიტიკური გუნდი მათ შორის არსებული პოლიტიკური სპექტრისგან.

თუ ის დააყენეს თბილისის მერის კანდიდატად. დღეს აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ამ საკითხზე მმართველ გუნდში. ამ ეტაპზე მისი კანდიდატად გამოცხადება გადაიდო. ყველამ იცის, რომ კალაძე იქნება, მაგრამ ამას არ აცხადებენ. თუ კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, ყველაზე მაღალი ალბათობით, ის იქნება შემდეგი ხელისუფალი.