პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან წამოსულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელდა მედიაში.
ანა დოლიძის თქმით ეს არის მცდელობა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებების კრიტიკული შინაარსი გადაიფაროს.
– ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბატონი კობახიძის მხრიდან სრულიად უსაფუძვლო ბრალდება პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით, ეს ბრალდებები აბსურდულ ხასიათს იღებს, ხვალ სეტყვა რომ მოვიდეს კახეთში ესეც შეიძლება მარგველაშვილს დაბრალდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული, მეტსაც გეტყვით, ეს არის მცდელობა გადაიფაროს საკმაოდ კრიტიკული შინაარსი ვენეციის კომისიის მოსაზრებებისა. აქედან გამომდინარე მე ვთხოვ პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის რეაგირებას და ვთხოვ შინაარსობრივ დისკუსიას იმაზე რაც ამ დასკვნაში წერია, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ კომისიის წინასწარმა, სამუშაო დასკვნამ მედიაში გაჟონა.
ამის შესახებ განცხადება კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტის სპიკერის ცნობით, დოკუმენტზე წვდომა, მხოლოდ პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს ჰქონდათ, ინფორმაციამ კი “ტაბულაში” გაჟონა.

