– ხელისუფლებისა და სასამართლო შტოებს შორის ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ვანო ზარდიაშვილია დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, თუ როგორ ხორციელდება არაჯანსაღი კონტაქტი ხელისუფლების სხვა შტოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შეხვედრა ეხებოდა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რასთან მიმართებაშიც არასამთავრობოებმა ვიდეორგოლიც წარმოადგინეს.
”დღეს წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ძალიან ღიად სახელებისა და გვარების მითითებით აჩვენებდა, როგორ იმართება სასამართლო სისტემა, ნაჩვენები იყო არა მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით გავლენიანი ჯგუფები, არამედ როგორ ხორციელდება არაჯანსაღი, არასათანადო კონტაქტი ხელისუფლების სხვა შტოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ამ ორ შტოს შორის, არის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.
– ერთ-ერთი პირი, რომელიც პრეზენტაციისას იყო დასახელებული, არის ვანო ზარდიაშვილი. მიმოხილული იყო მისი მოკლე „ბეგრაუნდი“. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია, ღიად საუბრობს, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილია საკონტაქტო პირი საკანონმდებლო ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას შორის, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას აინტერესებს ”ქართულ ოცნებას” თუ აქვს ვანო ზარდიაშვილის „ბეგრაუნდთან“ დაკავშირებული შეკითხვები.
– რიტორიკული კითხვა დავსვი, რადგან არ მაქვს იმედი, რომ ამას ”ქართული ოცნების” წევრები გამოეხმაურებიან. როცა ისინი სვამენ ლეგიტიმურ კითხვებს, თუ ვინ სად იყო 2012 წლამდე, მათ დაუსვეს თუ არა ეს კითხვა ვანო ზარდიაშვილს და ისევე წუხან თუ არა მის „ბეგრაუნდზე“, როგორც სხვებისაზე, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ზარდიაშვილის გარდა სხვებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის ჩინჩალაძე, რომელიც წლების განმავლობაში რუხი კარდინალი იყო სასამართლო სისტემაში.
– აქ მთავარი ფიგურა არის ის ადამიანი, რომელიც ახლახან „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა სააშკარაოზე, ჩინჩალაძე, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც რუხი კარდინალი სასამართლო სისტემაში. ის უვადოდ არის დანიშნული, ასევე დანიშნულია მაღალ თანამდებობაზე და სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ იუსტიციის საბჭოში, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მოსამართლეები ნებისმიერი პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებენ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.

