„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“

„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“ ოპოზიციის მტკიცებით,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული.

– მეეჭვება, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ის, რაც მოხდა, საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ამიტომაც უნდა მოხდეს ამ საქმის სასწრაფო წესით გამოძიება. საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ამის უკან ერთი დიდი ქვეყანა დგას, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შესალახად, – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.

მისი აზრით,  საქართველოს ხელისუფლებას ეს ამბავი ნამდვილად არ აწყობდა.

– ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი ერთი დიდი სპეცოპერაციის ნაწილი იყოს.  ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. ღმერთმა ქნას, რომ ის, რაც მოხდა, მხოლოდ რომელიმე კერძო პირის ინტერესი იყოს.

ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ამაში რუსეთის ხელი ურევია. მის გააქტიურებას ცოტა უფრო ადრე ველოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანმა ჯერ პროცესები თავის ნებაზე მიუშვა, რომ შედეგი ენახათ. შედეგის მიხედვით დაიგეგმნენ და ორიგინალური ტაქტიკა აირჩიეს. ამას ჰქვია აგრესიული მენეჯმენტი.

რა სქემითაც რუსეთი წლებია მუშაობს, შედეგზე ვერ გადის. მათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ მოაქციეს პრორუსული განწყობის ტალღაზე.

თავიდან ცადეს სოციალური პრობლემების აგორება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ცადეს, აეგორებინათ რელიგიური თემები, მაგრამ არ გამოუვიდათ. თუმცა ეს თემა ისეც აქტუალურია და მას ისევ დაუბრუნდებიან. არც ისლამის დემონიზაციამ გაამართლა. შეეცადნენ, საქართველო მარიონეტ ხელისუფლებად გადაექციათ, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ. ახლა გადავლენ აგრესიულ ქმედებებზე, – განუცხადა „ახალ თაობას“ ზაალ კასრელიშვილმა.

ექსპერტის მტკიცებით, კრემლი საქართველოში ხშირად ატარებს გამოკითხვას.

– საქართველოს მოსახლეობას თუ ჰგონია, რომ როცა ურეკავენ, მხოლოდ დასავლური ორგანიზაციები ატარებენ გამოკითხვებს, ძალიან შემცდარა. სოციოლოგიურ კვლევებს რუსეთიც ატარებს, ოღონდ სხვისი სახელით. ახლა გადაწყვიტეს, ახალგაზრდობასთან პირდაპირ დიალოგზე წავიდნენ. რაღაც სკანდალებსაც ააგორებენ.

არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულმა პირებმა თავად გამოიჩინეს ინიციატივა. აქ რამდენიმე სახის პრორუსული ძალაა და მათ შორის სერიოზული კონკურენციაა, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.