ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სუს-ის წინააღმდეგ – “იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება”

ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სუს-ის წინააღმდეგ - "იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სუსი პროვოკაციას ამზადებდა:

– მეგობრებო, ელიას ნიკოლსონმა არ დაგაბნიოთ, ილო ნიკოლაიშვილი ვარ და ამ სტატუსს ცუდი ამბის სათქმელად ვწერ!

ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სუსი მიმზადებდა პროვოკაციას, რაც ჩემზე თავდასხმით, იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დასრულდებოდა. ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 17 მაისს, ანუ, ეს დროის ის მონაკვეთია, როცა სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრს ჩაუდეს იარაღი სახელოსნოში.

როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ბიძინა ივანიშვილი ისე გააგიჟა, რომ უკვე ისეთ ადამიანებს დაუწყო დევნა, რომელთა ოჯახის წევრებსაც სტრასბურგში განთავსებულ ევროპულ სხვადასხვა სტრუქტურასთან ჰონდათ, ან აქვთ რაიმე შეხება. ოჯახის წევრების რეპრესირება არის შურისძიების კლასიკური საბჭოთა ბოლშევიკური მეთოდი. სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრისთვის იარაღის ჩადება იყო გარეწრობის მწვერვალი. ყველამ ვნახეთ თუ რამდენად პატიოსან ადამიანს გაუკეთეს ეს.

ჩემ შემთხვევას რაც შეეხება, იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება, იარაღის ჩადება და ამის შემდეგ მომთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას სუსისთვის სასურველ ადამიანებზე.

2016 წლის არჩევნების წინ სუსში ჩემი დაბარების შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მიწყობდნენ პროვოკაციებს, მუდმივად დაგვყვებოდა სუსის სათვალთვალო მანქანა. დადასტურებულად ვიცი, რომ მუდმივად გვისმენდნენ ხან სანქციით, ხან სანქციის გარეშე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვფიქრობდი საქართველოს დატოვებას, მაგრამ ამ ნაძირალა ხელისუფლებას ნამდვილად არ მივანიჭებდი სიამოვნებას, იარაღი ჩაედოთ და იმის სათქმელად დავეჭირეთ, რომ აი, იმ თქვენი “სტრასბურგელი ჩიორას” ქმარი თოფინი ბანდიტიაო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამდენჯერმე მომიწყვეს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი სახლთან და საჯარო თავშეყრის ადგილებში. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ იარაღთან, ძალადობასთან არანაირი შეხება არ მქონდა არასოდეს, – წერს ნიკოლაიშვილი.

ნიუპოსტი