დიმიტრი ლორთქიფანიძე: “მეფის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის”

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "მეფის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის"– ჩვენი სამეფო დინასტია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი მსოფლიოში არსებულ მონარქიებს შორის. დღეს მსოფლიოში 40-მდე მონარქიაა. ევროპაში საკონსტიტუციო მონარქია წარმოგვიდგება ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის მონარქიების სახით. ხშირ შემთხვევაში მეფისა და მისი ადმინისტრაციის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის. მაგალითად, ესპანეთში მეფის ინსტიტუტის შენახვა 6 მილიონი ევრო ჯდება. ამდენად, მონარქის შენახვა უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე ისეთი არაფრისმაქნისი საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენახვა-შენარჩუნება, როგორიც არის დღეს მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია, – განაცხადა “ახალ თაობასთან” ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი აზრით, მარგველაშვილი თავის როლს ვერ ასრულებს. ის ხშირად ოპონენტის როლშია არსებულ ხელისუფლებასთან.

– პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი, სუროგატია მეფის ინსტიტუტისა. მთავარსარდალი, ქვეყნის მეთაური, კონსტიტუციის გარანტი სწორედ მეფის უფლებამოსილებებია. პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც ხალხის წიაღიდან აირჩევა, მეფე არის ორგზის მირონცხებული. მისი ლეგიტიმაცია იძლევა კონსტიტუციის გარანტორობის საშუალებას. ის არის ხალხის ინტერესების გამომხატველი და მისი განუხრელად დამცველი.

2014 წელს ჩვენ რომ გვყოლოდა მეფე და არა – პრეზიდენტი, მონარქი გადამწყვეტი უპირატესობით იქონიებდა გავლენას, საქართველოს პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიეღო. საპარლამენტო დემოკრატიებში, საპარლამენტო მონარქიებში მეფის ინსტიტუტს გააჩნია ზნეობრივი კონტროლის ფუნქცია. კონტროლი გამომდინარეობს იმ ღირებულებებიდან, რომლის ერთგული რჩება საზოგადოება. მეფე ფასეულობების დამცველია, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.