ირმა ინაშვილი: “გადადგეს კვირიკაშვილი, დაბრუნდეს ივანიშვილი!”

ირმა ინაშვილი: "გადადგეს კვირიკაშვილი, დაბრუნდეს ივანიშვილი!"“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს და გიორგი კვირიკაშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.

ირმა ინაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

– ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია და არის უსამართლობა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვები უნდა დაეკმაყოფილებინა, ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა ქართველი ხალხი და დღეს ჩვენ გვთავაზობს შერეულ საარჩევნო სისტემას.

გამოდის, რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი, რომელშიც მე აქტიურად ვმონაწილეობდი, იყო სპექტაკლი და ტყუილი. მეტიც, ხელისუფლებამ ჩუმჩუმად და მზაკვრულად, პარლამენტში დასამტკიცებლად შემოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე გაყალბებას.

მსგავს უსინდისობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერასდროს შეეგუება. დღეს პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან დგას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, სწორედ მისი დირექტივებით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ ბონუსის საკითხს, რაც პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს და რასაც აქტიურად ლობირებდნენ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერები. მე ერთხელ ვუთხარი კვირიკაშვილს, რომ ის არ მონაწილეობდა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში და ახლაც ვამბობ, რომ მას არ ესმის დემოკრატია.

ღიად ვამბობ, რომ კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელსუფლების უზურპაციას და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრს და საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს, სწორედ დღეს უნდა შეასრულოს მისი დანაპირები, რადგან საქმე დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს. ივანიშვილი უნდა ჩაერიოს და ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. კვირიკაშვილს კი ვაძლევ რჩევას, დატოვოს პრემიერის თანამდებობა, მისი პრემიერობისას ქვეყნისათვის სასიკეთო ძვრები არათუ არ მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი.- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნიუპოსტი