პარტიებმა აქტიურად დაიწყეს თბილისის მერობის კანდიდატების დასახელება. “ოცნებაში” აღარ მალავენ, რომ მათი კანდიდატი კახი კალაძე იქნება, ნაციონალური მოძრაობა ზაალ უდუმაშვილის წამოყენებას აპირებს. ცნობილია “ევროპული საქართველოს” კანდიდატი – ელენე ხოშტარია. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ალეკო ელისაშვილიც.
მერობის კანდიდატების შანსებს “ახალ თაობასთან” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს.
– ნამდვილად საინტერესოა უდუმაშვილის კანდიდატურა. ის ტელეწამყვანია, რუსთავი 2-ის სახე და მას ყველა იცნობს. ნაცმოძრაობას, სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, გარანტირებული რეიტინგი აქვს და ამ რეიტინგს წესით უნდა დაემატოს უდუმაშვილის პირადი რეიტინგი. გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა მაინც საინტერესო კანდიდატურაა.
– ალეკო ელისაშვილის კანდიდატურაც საინტერესოა?
– არჩევნებში ძალიან ბევრს წყვეტს ფული. ამიტომაც ელისაშვილის შანსებს პირადად მე დიდად არ შევაფასებდი. მას ჰქონდა თავის დროზე მშვენიერი რეიტინგი, მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითონვე წამოიწყო ეს გაუგებრობა, ვგულისხმობ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, კომიკურად დასრულდა ეს ყველაფერი და ამით ელისაშვილის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა. ასე რომ, ელისაშვილს გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს! გაცილებით მეტი შანსი აქვს უდუმაშვილს. ელისაშვილი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელენე ხოშტარიას და მეტი არაფერი.
– რას იტყვით კალაძის კანდიდატურის შესახებ?
– ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ კალაძე თავისთავად საინტერესო კანდიდატურაა, იმიტომ, რომ კალაძე არის “ქართულ ოცნებაში” ყველაზე ძლიერი ფიგურა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ არის ბიძინა ივანიშვილის შემოქმედება, ის დამოუკიდებელი ფიგურაა. კიდევ უფრო გაძლიერდება მისი გავლენა, როცა თბილისის მერი იქნება. საკითხავი აქ ერთი რამ არის.
თავად კალაძის ინტერესებში რამდენად შედის თბილისის მერობა? ეს ხომ არ არის მისთვის ტრამპლინი, რომ შემდეგ უფრო მეტი მოინდომოს.
– საუბარია იმაზეც, რომ მის კანდიდატურაზე გუნდში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. დაუჭერს გუნდი მის კანდიდატურას მხარს? თუ ბოლო სიტყვა ივანიშვილზეა?
– მთავარი სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ გუნდზე, მაგრამ რეალურად ვგულისხმობთ ერთ კაცს. ეს გუნდი ამ კაცმა შექმნა თავიდან ბოლომდე. ამიტომ ეს არის ყველაზე საინტერესო, რას იზამს თავად ბიძინა ივანიშვილი? საბოლოო ჯამში მისცემს თუ არა კალაძეს მერობის შანსს?
დღეს ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ კალაძე ივანიშვილისთვის შესაძლოა სახიფათო იყოს.

