ვენეციის კომისიის დასკვნით თავზარდაცემულ “ქართულ ოცნებას” გუნდის შიგნითაც შეექმნა პრობლემები. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიამ შესაძლოა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ხმები ვეღარ მოაგროვოს. მაჟორიტარი დეპუტატები, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობას ითხოვენ.
მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აპირებს. პროპორციულ სისტემაზე ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა გადავსულიყავით, მაგრამ მაშინ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ნამდვილი ამბოხება მოაწყვეს. მათი ნაწილი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, გადაყენებითაც კი დაიმუქრა.
მათი დიდი ნაწილი დღეს ისევ პარლამენტშია და ახლა ახალი ძალით დაიწყეს თავისი უფლებების დაცვა.
მაჟორიტარების სახელით განცხადება მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა უნდა შენარჩუნდეს. როგორც პარლამენტში ამბობენ, მან ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები ჩაატარა და მხარდამჭერებიც შეიძინა. რამდენიმე ათეული მაჟორიტარი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე კარგა ხანია ამტკიცებს, რომ “ოცნება” ცვლილებების მხარდასაჭერად ოპოზიციას ევაჭრება.
მაჟორიტარების ფრონტზე რომ საქმე მძიმედ არის, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს. რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა არ შეიცვლება, ის გადადგება.
ამ განცხადების შემდეგ დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას 75 დეპუტატი უჭერს მხარს.
ამ 75 კანონმდებლიდან რამდენი აპირებს ბოლომდე ბრძოლას, ეს ჯერ ცნობილი არაა. ოქრიაშვილი ღიად ამბობს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს სისტემა არ უნდა შეიცვალოს. კანონმდებლის მტკიცებით, დასკვნაში არსად წერია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს.
– ვენეციის კომისია მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ, თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება შევა, სხვა დანარჩენში ვეთანხმები უმრავლესობას, – აცხადებს ოქრიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა, რომ ეს თავად ოქრიაშვილის ინიციატივაა. ისინი ვარაუდობენ, რომ მას ეს ინიციატივა ზევიდან გააჟღერებინეს. ამის სურვილი, რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა, მაგრამ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ამდენს ვერ გაბედავდა. სხვა თუ არაფერი, კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული და მის დასაშოშმინებლად ამ საქმეს გამოიყენებდნენ.
დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი დეპუტატი გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარების თემა ოპოზიციასთან სავაჭროდ შემოაგდო.
მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს 10-15 მაჟორიტარი არ უჭერს.

