ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში, 10 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული 45 წლის ვასილ ღონღაძის დედა, მისი შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაში სამაშველო სამსახურს ადანაშაულებს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ჯულიეტა ლომიძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც მისი შვილი სტიქიის შედეგად ადიდებულ მდინარე ტილიანაში ჩავარდა, სამაშველო სამსახურს სთხოვა დახმარება, თუმცა მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე მივიდნენ და ღონღაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
– ვადანაშაულებ მე სამაშველო სამსახურს, ჩემი შვილის გარდაცვალებაში. რომ მოვიდნენ არ იყვნენ მწყობში. გამოპრანჭულები მოვიდნენ, აღჭურვილობა არ ჰქონდათ. გზაზე ეძებდნენ, გზაზე რომ ყოფილიყო ჩემი შვილი თავისით მოვიდოდა. აგონ პასუხი! – აცხადებს ჯულიეტა ლომიძე.
ვასილ ღონღაძის ოჯახის ბრალდებას უარყოფენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. მათი თქმით, სამაშველო ჯგუფებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოიყენეს ღონღაძის დასახმარებლად.
– სამაშველო ჯგუფებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოიყენეს ღონღაძის დასახმარებლად. კერძოდ, შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა ოპერატიული რეაგირება და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში, წყალში ჩავარდნილი მამაკაცის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი 10 წუთზე ნაკლებ დროში გამოცხადდა. დაუყოვნებლივ დაიწყო მდინარე ტირიანას გადასინჯვის სამუშაოები, ტექნიკის დახმარებით გადაიკეტა მდინარის კალაპოტი და მოხდა მისი სრული დათვალიერება. უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო, სამუშაოები ღამის 1 საათზე შეწყდა. სამძებრო სამუშაოების განახლება გამთენიისას იგეგმებოდა, თუმცა, იგი საჭირო აღარ გახდა. ნაპოვნი იქნა ვასილ ღონღაძის გვამი, – გვეუბნებიან სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში.

