ხელისუფლების სუიციდი – ,,ჯეჯელავა გადამალეთ!“

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანების დეფიციტია.
საქმე გვაქვს შიდაორგანიზაციულ კრიზისთან, ხელისუფლება სიუციდალური სქემით არის შეპყრობილი – ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტვ ,,პირველის“ ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ,,დღის ამბებში“ განაცხადა.

– ფარცხალაძე-თორდიასთან დაკავშირებული ინციდენტი, იგივე საპატრიარქოს მოვლენები, ჟურნალისტის უცნაური გაქრობა… ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დღეს ხდება მინი კრიზისების გენერირება, ტემპები და დინამიკა დღითი დღე იზრდება და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ყველაფერ ამას ცენტრალიზებულად არ უყურებს და ცდილობს მოახდინოს უხარისხო მენეჯმენტი. პრობლემა არის მასშტაბური პრაქტიკულად ყველა მიმართულებით,  – აცხასდებს ექსპერტი.

ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კრიზისების დაძლევის მცდელობას პაროდიულს უწოდებს და ამის მაგალითად განათლების მინისტრი და მისი განცხადებები მოჰყავს.

– ამ პაროდიული მცდელობების სიმბოლო გახდა ჯეჯელავა, იუთუბის გმირი გახდა და ალბათ ბევრი მნახველი ჰყავს მის რგოლებს. ამის მნახველი არიან ძირითადად მოსწავლეები და სტუდენტები და ეს კაცი აკეთებს სამარცხვინო განცხადებებს და არც ჩუმდება.  დამალონ ეს ადამიანი.

ის, რომ ჯეჯელავა კომუნიკაციების მიმართულებით არის ვიცე-პრემიერი, ესაა სწორედ ჩვენი უბედურება, – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანების დეფიციტია.

– ვერ ხედავენ რამდენად პაროდიულია და აბსურდულია ამ ადამიანის გამოჩენა და განცხადებები. პოლიტიკურად უმწიფრობას რომ თავი დავანებოთ, ერთიან ლოგიკაშიც კი ვერ აქცევს ვერაფერს.

ორი ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე – ან ვერავინ ხედავს და ეს არის უბედურება; ან ხედავს და ვერ ბედავს, რომ ეს თემა დალაგდეს. ყველა შემთხვევაში ეს რის კრიზისის სიმპტომი, მმართველობითი სისტემის კოროზია მიმდინარეობს.

დღეს ხელისუფლებას პრობლემა გარედან კი არ ელოდება, პრობლემა არის თვის თავის, დღევანდელი ხელისუფლება სიუციდალური სქემით არის შეპყრობილი. ამ ტიპის შიდაორგანიზაციულ კრიზისთან გვაქვს საქმე, – აცხადებს გია ხუხაშვილი.