ლაფანყურის სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
ამჟამად ცნობილი გახდა ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლის, მუჰამედ იბრაგიმოვის (იგივე აბუ ჰამზა, როგორც ის ავსტრიაშია ცნობილი), სკანდალური აღიარება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო.
იბრაგიმოვის თანამებრძოლი იყო ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის“ წარმომადგენელი აჰმედ ჩატაევი, რომელიც საქართველოს ციხიდან პოლიტპტიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს იყო რუსული მხარის პროვოკაცია, რამზან კადიროვის თაოსნობით.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, ქართველი სამხედროებისა და სპეცსამსახურების მოქმედებები იყო მიმართული იქით, რომ აღეკვეთათ რუსული პროვოკაცია საქართველოში, რომელიც სამხედრო აგრესიით დასრულდებოდა.
ეს იყო ჩეჩნური დაჯგუფება, რომელთა წევრებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ადგილობრივი პანკისელიც.
2012 წელს ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა 3 ქართველი ძალოვანი და 11-მდე ჩეჩენი მერძოლი, 3 დაიჭრა, ხოლო 2 მიიმალა.
როგორც იბრაგიმოვმა ვენის სასამართლო პროცესზე განაცხადა, მთელი ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი ადგილობრივი ისლამ კადიროვის მიერ (რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის ნათესავია), რომელიც ელოდებოდა დაჯგუფების გადასვლას, რათა მათ შეხვედროდა რუსეთის საზღვართან.
მისი სიტყვებით, ოპერაციის ჩავარდნა იყო მისი ბრალი – მან გააგზავნა სმს-შეტყობინება, რომელიც ხელში ჩაუვარდათ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს, რის გამოც რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ დაჯგუფებას გზა გადაუკეტეს.
ქართულმა მესაზღვრეებმა დაჯგუფება ალყაში მოაქცია, თუმცა მათ უარი თქვეს დანებებაზე.
იბრაგიმოვი და ახმედ ჩატაევი დაიჭრნენ მაშინ, როცა მათ ქართულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს. ჩატაევი დააპატიმრეს, რომელიც მოგვიანებით, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, გაათავისუფლეს. იბრაგიმოვმა კი მიმალვა მოახერხა. ის სტამბულის გავლით ვენაში გადავიდა და იქ გააგრძელა ცხოვრება.
როგორც „Кавказ.Реалии” წერს, იბრაგიმოვი ავსტრიაში ამ დრომდე ორჯერ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. მესამე დაკავების დროს კი მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი ლაფანყურის შესახებ, სადაც მუჰამედ იბრაგიმოვი დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას ლაფანყურის მოვლენებში.
სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.
ნიუპოსტი

