მარგველაშვილი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – “ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით”

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი

მარგველაშვილი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - "ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით"საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

– ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით, – მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატებს.

მან თქვა, რომ 6 თვის წინ საზოგადოება გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი.

– სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ყველა შეტანილი ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი.

– სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა. მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით, – განაცხადა პრეზიდენტმა.