“მრეწველები” “ოცნებაში” ბრუნდებიან?

"მრეწველები" "ოცნებაში" ბრუნდებიან?საპარლამენტო არჩევნებიდან მოკლე ხანში კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილმა მრეწველთა პარტიამ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო. პოლიტიკიდან დროებით გაქრნენ მისი ლიდერებიც – გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე.

2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მოკლე ხანში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მრეწველები ისევ “ოცნების” წიაღში დაბრუნდებოდნენ.

საპარლამენტო არჩევნებზე ისინი ოპოზიციური ფლანგიდან მონაწილეობდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მათმა კანდიდატმა მოიგო ოპოზიციიდან მაჟორიტარული არჩევნები ხაშურში.

ამის გამო ხელისუფლება ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატ სიმონ ნოზაძეზე უნდა განაწყენებულიყო. ყველაფერი პირიქით მოხდა, “ოცნებამ” მას ფრაქციის შესაქმნელად 5 კაცი დაახმარა. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციისთვის 6 დეპუტატია საჭირო.

ამას ჭორები მოჰყვა, რადგან ფრაქციების შექმნის უფლება არ მისცეს კახა ოქრიაშვილსა და ზაქარია ქუცნაშვილს.

ბოროტმა ხმებმა მაშინვე თქვეს, რომ “ოცნება” და მრეწველები ისევ ერთად იქნებოდნენ. მრეწველები რამდენიმე თვე მდუმარებაში იყვნენ, გასული კვირის დამლევს კი ზურაბ ტყემალაძემ ერს დაბრუნების შესახებ ამცნო.

მისი განმარტებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ტყემალაძის განმარტებითვე, მათ კანდიდატები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეყოლება.

ამ ეტაპზე ისინი არ ახმაურებენ, ვისთან ერთად ითანამშრომლებენ. ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობა “ოცნებასთანაც” შედგეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილმა კოალიციიდან წასული პარტიების უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის დგას უსუფაშვილისა და ეროვნული ფორუმის გაერთიანების უკან, რასაც ფორუმში კატეგორიულად უარყოფენ.

რაც შეეხება მრეწველებს, მათთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება. სახელისუფლებო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ მათ პატრიოტთა ალიანსთან ან ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ითანამშრომლონ. აღსანიშნავია, რომ სამივე პარტია პრორუსული ორიენტაციის პარტიად ითვლება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მრეწველებს “ჩვენს სამშობლოსთან” ერთად ჰქონდა საარჩევნო ბლოკი შექმნილი. რუსეთის მიმართ სიმპათიებს “ჩვენი სამშობლოც” ამჟღავნებდა.