პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოქვეყნა ჟურნალისტური გამოკვლევა, რომლის ავტორები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცნობილი ადამიანების გარდაცვალება-დაღუპვის გარემოებებს ეხებიან. გამოკვლევის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები 14 პიროვნების სიკვდილში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მონაწილეობას ადასტურებენ.
გამოკვლევაში ნათქვამია, რომ მულტიმილიონერ სკოტ იანგისა და მისი პარტნიორების მკვლელობები ბრიტანულმა პოლიციამ ბოლომდე არ გამოიძია და ისე დახურა. მაგალითად, ბორის ბერეზოვსკის საქმე, ბადრი პატარკაციშვილის საქმე და ა.შ. „ბრიტანულმა პოლიციამ დაასკვნა, რომ ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა და იგი არავის მოუკლავს. ასევე არ იქნა ბოლომდე გამოძიებული ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი, რომელიც, ოფიციალური ცნობის მიხედვით, 2008 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მათი ახლობელი იური გოლუბევი („იუკოს“-ის დამფუძნებელი) და სხვები.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ბორის ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა – არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც კრემლის წინააღმდეგ გამოდიოდა. კერძოდ, მან უკრაინაში 30 მილიონი დოლარი ჩადო „ნარინჯოვანი რევოლუციის“ მოსამზადებლად. ინგლისის ანტიტერორისტული უწყების თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ ბორის ბერეზოვსკი არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოსა და ბელორუსიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერეოდა.
2006 წელს ლონდონში რუსეთიდან გაქცეული ალექსანდრე ლიტვინენკო მოწმალეს. მას დიდ ბრიტანეთში ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი მფარველობდნენ.
მილიონერი სკოტ იანგი შეძრწუნებული იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობით. მას განსაკუთრებით აშინებდა და აეჭვებდა ის, რომ ოლიგარქთა წრეებში იყო პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელის როლს შეასრულებდა. მოგვიანებით გაირკვა, ეს პიროვნება ანდრეი ლუგოვი იყო, რომელიც ადრე ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. იგი შეგზავნილი პიროვნება აღმოჩნდა.
2007 წლის იანვარში ლონდონში იური გოლუბევი, „იუკოს“-ის თანადამფუძნებელი, თავის ბინაში მკვდარი იპოვეს – მოსკოვიდან მისი წამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სკოტლანდ-იარდმა გამოაცხადა, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივია და საეჭვო არაფერი არ არისო. მაგრამ უცნაურია, რატომ თქვა პირიქით მაშინ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ – „არსებობს ეჭვები, რომ იგი მოკლესო“? აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ერთ რამეს მიანიშნებს: მოსკოვი რუსეთიდან გაქცეულებს და დაუმორჩილებელ ოლიგარქებს აფრთხილებს – თუ კრემლს არ გაუგონებთ, სიცოცხლეს გამოესალმებითო.
2007 წლის დეკემბერში ბადრი პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს აცნობა, რომ დაგეგმილია მისი მკვლელობა, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობასთან დაკავშირებით.
2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილმა თავი ცუდად იგრძნო, წამოწვა საწოლზე, შემდეგ კი ნათესავებმა გარდაცვლილი ნახეს. როგორც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამბობენ, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა საიდუმლოდ სთხოვეს ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რუსეთთან რაიმე კავშირი იური გოლუბევისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას. „თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ დოსიეები, სადაც დიდ ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვები ძალიან ძლიერია, – უთხრეს BuzzFeed News-ის ავტორებს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ნიუსპრესი

