რა კავშირი აქვს ქობულეთის ტრაგედიასთან მოსამართლე ჩინჩალაძეს – მამუკა ახვლედიანი სკანდალური დეტალებს ჰყვება

რა კავშირი აქვს ქობულეთის ტრაგედიასთან მოსამართლე ჩინჩალაძეს - მამუკა ახვლედიანი სკანდალური დეტალებს ჰყვება2015 წელს, ქობულეთის სასტუმროში მომხდარს ხანძარს, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 წლის თავზე, კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვა. სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელიძემ სასტუმროს დამწვარ შენობაში თავი მოიკლა.

სასტუმრო “არმაზის” გარდაცვლილი მფლობელის ადვოკატი ,,ნიუპოსტთნ“ აცხადებდა, რომ პროკურატურამ რეალური დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა და ზეწოლას ართმელაძეზე ახდენდა.

საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ,,პოსტსკრიპტუმთან“ახალ სკანდალურ დეტალებს ჰყვება. ზაზა ართმელიძე მისი ნათესავი იყო და მამუკა ახვლედიანის თქმით, მასზე ზემოქმედების მიზნით, ართმელიძე 2015 წელს მტკიცებულებების გარეშე დააკავეს.

სასტუმროს მეპატრონის დაკავების შემდეგ, ოჯახს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა პირდაპირ განუმარტა, თუ რა სურდა მათგან.

– პირდაპირ გვითხრა, გააჩერეთ ახვლედიანი, ეს იყო მისი ტექსტი, ოჯახის წევრებს პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მათი მეშვეობით მოეხდინათ ჩემზე ზეგავლენა, რომ გავჩერებულიყავი, რათა იმ ოჯახს პრობლემები არ შექმნოდა, – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

ამ პერიოდში მამუკა ახვლედიანი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუპირისპირდა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ ზაზა ართმელიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამჟამად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისა და მოსამართლის, ლევან მურუსიძის დავალებით გამოიტანა.

2016 წლის 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენს. ცოტა ხანში ციხიდან ზაზა ართმელიძეც გამოუშვეს.

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ართმელიძე თვთმკვლელობამდეა მიყვანილი.

– ვფიქრობთ, რომ ართმელიძე თვითმკვლელობამდეა მიყვანილი. ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ მიიყვანა. პროკურატურასთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი. ჯერ ჩვენც უნდა გავერკვეთ რაღაც დეტალებში და ვრცლად ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ, – განაცხადა რეზი დემეტრაშვილის მამამ.

ნიუპოსტი