თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ამბავმა უკვე მიაყენა დარტყმა საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს.
მოსალოდნელია, რომ აფგან მუხთარლის სასამართლო გაამტყუნებს და იგი შეუერთდება პოლიტიკური პატიმრების დაკავებულ ჯგუფს აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მონაცემებით, ოპონენტების დაპატიმრების ბოლო ტალღა ქვეყანაში თებერვლიდან დაიწყო.
მანამდე უფლებადამცველებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო და რელიგიურმა აქტივისტებმა გააპროტესტეს ძალაუფლების უზურპაცია, რაც გამოიხატა ილჰამ ალიევის მეუღლის მეხრიბან ალიევას ვიცეპრეზიდენტად დანიშვნით.
მანამდე ეს პოსტი აზერბაიჯანში არ არსებობდა. მისი შემოღებისთვის საჭირო გახდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც წინ უძღოდა ამ საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი. ოპონენტების შეფასებით, ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში მონარქიას ამყარებს. ვიცეპრეზიდენტობამდე მეხრიბან ალიევა პარლამენტის დეპუტატი და ალიევის ფონდის ხელმძღვანელი იყო.
თებერვალში აზერბაიჯანში ხელისუფლების 40-ზე მეტი მოწინააღმდეგე დააკავეს. 3 მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, უმრავლესობას ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა, რამდენიმემ მიიღო გაფრთხილება.
უფლებადამცველების თქმით, დაკავებულებს საქმეები შეუთითხნეს. მაგალითად, საიტ “კენდ ინფოს” რედაქტორ ელჩინ ისმაილის გამოძალვა დააბრალეს, მანამდე პროვოკაცია მოუწყვეს. ძალაუფლების უზურპაციის გაპროტესტების გარდა, იგი ატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას ისმაილის რაიონში ჩინოსნების მხრიდან კორუფციისა და თვითნებობის ფაქტებზე.
გიას იბრაგიმოვს ნარკოტიკები ჩაუდეს. იგი პროტესტს იმით გამოხატავდა, რომ საღებავს უსვამდა ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკს. გიას იბრაგიმოვს ეს ათწლიან პატიმრობად დაუჯდა.
ხელისუფლება აზერბაიჯანში სასულიერო პირებსაც დევნის. ერთ-ერთი მეჩეთის იმამსა და ღვთისმეტყველ სარდარ ბაბაევს რელიგიური წესების დარღვევას მოედავნენ. მისი “დანაშაული” ის არის, რომ რელიგიური განათლება სხვა ქვეყანაში მიიღო.
ბლოგერი ოდხან ტემირხანი ბაქოს რეჟიმს წინა წლებში გაექცა. ის პოლიტემიგრანტად ითვლება და ჰოლანდიაში ცხოვრობს. კიოლნში გამართულ მიტინგზე მან აზერბაიჯანში დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანში მისი 12 ნათესავი დააკავეს. 3 მათგანი პასუხისგებაშია მიცემული.
ოპონენტების დაპატიმრების ერთ-ერთი ძლიერი ტალღა 2014 წელს უკავშირდება. სწორედ მაშინ დააკავეს უფლებადამცველი ცოლ-ქმარი ლეილა და არიფ იუნუსები. ამის გამო შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ამას ოფიციალურმა ბაქომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.
2014-2015 წლებში პოლიტპატიმრების რიცხვი აზერბაიჯანში 97-დან 100-მდე მერყეობდა.
რასულ ჯაფაროვს უცხოელმა უფლებადამცველებმა სინდისის პატიმარი უწოდეს. მის გამო ისინი მოუწოდებდნენ ევროპის ქვეყნებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ბაქოს ევროპული თამაშებისთვის. 2016 წელს რასულ ჯაფაროვი პრეზიდენტმა ალიევმა შეიწყალა.

