“რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ივანიშვილი იხსნის”

"რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ივანიშვილი იხსნის"– დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი ამაზე წავიდეს.

ცხოვრება იმიტომ ხდება გაუსაძლისი, რომ ხალხის მღელვარება გამოიწვიონ. რუსული აგენტურა ამ მღელვარებას ხალხის მოწყობილ რევოლუციად გააფორმებს. ხელისუფლებაში მრავლად არიან მოღალატეები და ისინი რუსეთის დავალების შესრულებას შეეცდებიან.

საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მათ რეგულარული არმიითაც დაეხმარება. მათი სამხედრო ბაზა თბილისთან ძალიან ახლოს, ოკუპირებულ ახალგორშია განთავსებული, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ზაალ კასრელიშვილი.

მისი აზრით, დღევანდელ ვითარებაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლას გარისკავს.

–  მათ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უკვე ჩვევად ექცათ. თუ ჰგონიათ, რომ ახლაც ისევე გაუვათ, როგორც ეს 1992 წელს მოხდა, ძალიან შემცდარან. საქართველოში საკმარისად ვართ ხალხი, ვინც რუსეთსა და მის აგენტურას თავისას არ გავატანინებთ.

რუსეთი თავისას ვერ გაიტანს, მაგრამ სისხლი დაიღვრება. დღეს ერთადერთი კაცი, რომელიც ქვეყანას რევოლუციას ააცილებს, ბიძინა ივანიშვილია.

ამ ადამიანს აქვს ავტორიტეტი და მან ერთხელ უკვე შექმნა მოვლენა. ხალხს მისი სჯერა.

კითხვაზე,   რატომ არ ჩანს ივანიშვილი? – ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობას პასუხობს.

– ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და არ მესმის, რატომ უნდა გამოჩნდეს. ამის საჭიროება არ არის. ეს ადამიანი ადრეც თავისთვის იყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგივე ცხოვრება გააგრძელა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ამ თემაზე ლიდერებისთვის ჭორების გავრცელება საქართველოში ჩვეული ამბავია. ასეთი ჭორი გაუვრცელეს გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილსა და ახლა უკვე ივანიშვილს.

ვიღაცებმა, ეტყობა, დაიჯერეს, რომ ის მართლაც ცუდად არის და რაღაც გეგმები დასახეს.