როგორ აფერხებს რუსეთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას

როგორ აფერხებს რუსეთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასექსპერტები ისევ სახიფათოდ მიიჩნევენ რუსეთის მხრიდან საქართველოში რბილი ძალის გამოყენებას. დოკუმენტურად დამტკიცდა, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის გაძლიერებისათვის ამ ძალის ინსტრუმენტებს სხვაგანაც იყენებს.

ბრიტანულმა “გარდიანმა” მოიპოვა მაკედონიის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები. ისინი შეიცავს მონაცემებს იმაზე, რა ინსტრუმენტებს იყენებდა რუსეთი ბალკანეთის ამ სახელმწიფოში იმისათვის, რომ გაეღვივებინა ანტიდასავლური განწყობები.

მაკედონია, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვის. იგი ითვლება ნატოს ასპირანტ ქვეყნად.

მოძიებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ კრემლი ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ დაებრკოლებინა ბალკანეთის ქვეყნების შესვლა ნატოში, ჩამოეცილებინა ეს ქვეყნები დასავლეთის ორბიტიდან და გაეძლიერებინა რუსეთის როლი.

რუსეთის ჯაშუშები და დიპლომატები წლების განმავლობაში ეწეოდნენ პროპაგანდას და აღვივებდნენ შუღლს მაკედონიაში. რუსეთს ეხმარებოდა სერბეთის დაზვერვაც. სერბეთის სპეცსამსახურები მხარს უჭერდნენ პრორუსულად განწყობილ ნაციონალისტებს მაკედონიაში.

ნატოში მაკედონიის შესვლის წინააღმდეგ გამოდიოდა საბერძნეთიც. საბერძნეთი აცხადებს, რომ მაკედონიას ეს სახელი არ უნდა ერქვას.

– რუსეთის სტრატეგია ბალკანეთში გულისხმობს რბილი ძალის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებას. მისი მიზანია, დასავლეთის გავლენის შეფერხება, – ნათქვმია საიდუმლო ანგარიშში.

ირკვევა, რომ რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად იყენებდა ასევე ენერგეტიკის სტრატეგიას. ამისათვის ეპატრონებოდა ენერგეტიკულ რესურსებს. კრემლი მაკედონიაში კულტურულ მუშაობასაც ეწეოდა და ცდილობდა პანსლავისტური იდეის პოპულარიზაციას.

ცნობილია, რომ რუსეთი აფერხებდა მონტენეგროს ნატოში შესვლასაც და გადატრიალებას აწყობდა ბალკანეთის ამ ქვეყანაში. შემაფერხებელი მიზეზების მიუხედავად, მონტენეგრო ნატოში მაინც გაწევრიანდა.

საიდუმლო დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ მაკედონიის ყოფილი ხელისუფლება კრემლთან იყო გარიგებული და ახორციელებდა საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებს.

რუსეთს არ შეუნელებია აქტიურობა და აგრესია საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში.

კარნეგის ცენტრის დასკვნით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო რთული ხდება. აშშ-ის ინტერესი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანია, თუმცა, სასიცოცხლო არ არის.

საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აშშ-სთვის აუცილებელია რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება, გაყინული კონფლიქტების განახლების დაუშვებლობა, დემოკრატიული გარდაქმნები და ამ სახელმწიფოების საერთაშორისო ინტეგრაცია.

რეგიონზე აისახება ბოლოდროინდელი მოვლენები და პროცესები ახლო აღმოსავლეთში, ცვლილებები ენერგორესურსების ბაზრებზე, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლა, ევროკავშირის შიდა პრობლემები.

2008 წლის აგვისტოში მომხდარმა ხუთდღიანმა ომმა საქართველოში ფაქტობრივად გააჩერა დასავლეთის გაფართოების პროცესი რეგიონში.

დღეს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული განახლებისა და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პოლიტიკა ისევ დღის წესრიგშია, მაგრამ მოლოდინი სუსტდება. მით უმეტეს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი სხვადასხვა გზით მიდიან.

არსებობს იმის საფრთხე, რომ განახლდეს საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და მთიან ყარაბაღში.