სალომე ზურაბიშვილი – მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმის მომხრე არ ვარ

სალომე ზურაბიშვილი - მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმის მომხრე არ ვარპარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმის გამოცხადების მომხრე არ არის.

როგორც ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა განუცხადა, მსგავსი ფორმით კანონის მიღება რაღაც ყალბი დაცულობაა.

– ყველანაირი შეზღუდვების და ამ საკითხის მართვის მომხრე ვარ, რადგან საქართველოსთვის მიწა მწირი რესურსია და ეს თემა ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ ამ ტიპის აკრძალვის მომხრე არ ვარ, რადგან ამ ფორმით გამოთქმული შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში მყოფ ქართველებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, მიწის ყიდვა აეკრძალებათ.

მეორე მხრივ, ამის მომხრე არ ვარ, რადგან ეს ჩვენი რაღაც ყალბი დაცულობაა. რეალურად, დიდ კომპანიებს, რომელთაც მიწის შეძენის სურვილი აქვთ და ვისიც გვეშინია, შეიძლება, მათ საქართველოს მიწები შეისყიდონ და მათ ბევრი იურიდიული საშუალება აქვთ, რომ რეალურად მაინც შეიძინონ. მათ შორის ქართული კომპანიების მეშვეობით, ქართველი ფიზიკური პირების მეშვეობით და ა.შ.

ჩვენ გვეგონება, რომ დაცული ვართ და დაცული არ ვიქნებით. მომხრე ვარ, რომ დაცულნი ვიყოთ და ეს იყოს მიღებული დეტალურად შესწავლილი კანონმდებლობით, რომელიც უთუოდ  გვჭირდება, – აცხადებს ზურაბიშვილი.

პარლამენტი „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის გათვალისწინებით, კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება.

ცვლილებების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 40 წევრია. ცვლილებების მიხედვით, მოქმედი კანონის მეოთხე მუხლის მოქმედების ვადა ჩერდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და ასევე საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის გადასვლას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი აღნიშნული ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით გეგმავს. უმრავლესობის განმარტებით, პროექტის მომზადება საჭირო იმის გამო გახდა, რომ საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეძენასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაღალი ინტერესი ჩნდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი