შაშკინი: ”2012 წელს კახეთში რუსეთის შემოჭრას გადავურჩით”

შაშკინი: ”2012 წელს კახეთში რუსეთის შემოჭრას გადავურჩით”ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენებისას.

აღნიშნულის შესახებ იბრაგიმოვმა თავად ისაუბრა.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმ ყველაფერზე, რაც ავსტრიის სასამართლოში ითქვა, საუბრობდა, მაგრამ ახალი მმართველი გუნდი ამ ყოველივეს უარყოფდა.

– ის, რაც მოხდა ავსტრიის სასამართლოში, ჩემთვის სიურპრიზი არ იყო. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით 5 წლის განმავლობაში და ვამბობდით, რომ საქართველო გადაურჩა დიდ უბედურებას, რომელსაც ძალიან დიდი ვარაუდით მოჰყვებოდა კახეთში რუსეთის ინტერვენცია და ეს იყო გათვლილი იმისთვის, რომ, თავის ჭკუაში, რუსეთს ჰქონოდა საბაბი, საკუთარი ქმედება გაემართლებინა.

დიდი ხანია, რუსეთი კბილებს აკრაჭუნებს კახეთის რეგიონზე, ატარებს სამუშაოებს, რომ გზა გაიყვანოს დაღესტანში და მიუახლოვდეს კახეთის საზღვარს. ჩვენ ველოდით ამდაგვარ პროვოკაციას. ჩვენმა მთავრობამ, სპეცდანიშნულების რაზმმა, სამხედრო მფრინავებმა, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ფასად აღკვეთეს ეს პროვოკაცია.

2012 წლის აგვისტოშივე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები ამ ჯგუფთან, იქ იყო გამოკვეთილი რამდენიმე ადამიანი, რომელიც აშკარად პროვოცირებდა დანარჩენ მებრძოლებს, რადგან თუ ჯგუფის ნაწილი მოდიოდა მოლაპარაკებებზე და უსმენდა შს სამინისტროს, გარკვეული პატარა ჯგუფი, დაახლოებით 2-3 კაცი, მუდმივად ცდილობდა, რომ დასაწყისშივე ჩაეშალა მოლაპარაკებები, რომ ეს ჯგუფი ჩაბარებოდა ჩვენს სამართალდამცავებს.

ის, რაც ამ მებრძოლმა ვენაში ილაპარაკა, ჩვენთვის იყო ნათელი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით და საზოგადოებას ვუყვებოდით, თუ რას გადაურჩა ქვეყანა, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის ფასად. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობა ამას არ უსმენდა, იყო თავის შეთქმულებების თეორიებში. ქმნიდნენ თავად ამ თეორიებსა და ისტორიებს, თვითონაც სჯეროდათ და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, – აცხადებს შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ნიუპოსტი