პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან შესაძლო გატაცების საქმეზე ნებისმიერ დაინტერესებული პირის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
– აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია. ეს საქმეა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და რომელზეც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის, რომ პასუხი გასცეს არსებულ კითხვებს, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. ის ამჟამად აზერბაიჯანშია პატიმრობაში. მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად საზღვრის უკანონო კვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანაში ედება.
აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ 31 მაისს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც დღეს მისი ინტერესების დამცველები სააპელაციო სასამართლოში გააპროტესტებენ.
აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ 30 მაისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.
საქმეზე ქართველმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტის მეუღლე და მისი მეგობრებიც დაკითხეს.
pia.ge

