საქართველოში თავშესაფრის მქონე აზერბაიჯანელი აქტივისტის ვიდადი ისკანდერლის განცხადებით, 3 ივნისს მას საცხოვრებელ სახლთან ორი პირი დახვდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ისკანდერლის თქმით, მან თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა გაქცევით შეძლო.
– დაახლოებით 16:30 საათზე სახლიდან გამოვედი, კიბეებზე ჩამოვდიოდი და დავინახე, ორი ადამიანი მელოდებოდა. ერთ–ერთი მათგანი ვიცანი, აზერბაიჯანელია და თებერვალშიც დამესხა თავს. ამიტომ უკან, სახლისკენ გავიქეცი. დამედევნენ, მაგრამ შინ შევასწარი, მომაძახეს, რომ გამანადგურებდნენ. როდესაც სახლში დავბრუნდი, ინტერნეტში ვნახე სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მე აზერბაიჯანში ხალხს შეიარაღებული ამბოხისკენ მოვუწოდებდი.
ვფიქრობ, წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რადგან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ.
როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა კოლეგამ, აფგან მუხთარლიმ, გამაფრთხილა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აქ აზერბაიჯანულ ოპოზიციონერებს აკონტროლებენ. არაერთი თავდასხმისა და მუქარის შემცველი შეტყობინებების შემდეგ, წერილით მივმართე გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტს. არც ერთ მათგანისგან პასუხი არ მიმიღია, – განაცხადა ისკანდერლიმ.
აზერბაიჯანელი აქტივისტი, მომხდარს აზერბაიჯანში მის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით ის პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 5 ივნისსაა დაბარებული.
ნიუპოსტი

