თეა წულუკიანი: “აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა”

თეა წულუკიანი: "აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა"– გამოძიება იქნება სირთულეებით აღსავსე, მაგრამ წინ უნდა წავიდეს და მაქსიმალურად სწრაფად,  ეფექტიანად დადგინდეს, რა მოხდა. საქმე  ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, მოსაფიქრებელი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ აზერბაიჯანის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ყოფნისას მსგავს ვითარებაში არ აღმოჩნდეს.

თეა წულუკიანის აზრით, კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებენ იმის მტკიცებისგან, რომ მომხდარში რომელიმე ქართველი ოფიციალური პირი შეიძლება იყოს გარეული, ვინაიდან, მინისტრის შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელია.

– საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას.  ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ  – ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც, გააქანეს საზღვრისკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. მას საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

თუმცა, მუხთარლის ადვოკატს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში მოტაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა. თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქციები იმართება.

მუხთარლის დაკავების ფაქტს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზციები Human Right Watch-ი და Amnesty International-ი გამოეხმაურნენ.

არსებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მოტაცებისა და აზერბაიჯანში მისი დევნის მიზეზი, ჟურნალისტური გამოძიებაა. ახლობლების თქმით, ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებზე მასალას ამზადებდა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ ყოფილი ჟურნალისტი დაახლოებით 2 წელია ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. საქმიანობიდან გამომდინარე, მისი აზერბაიჯანში დარჩენა საფრთხეს წარმოადგენდა.

imedinews.ge