– ვენეციის კომისიას ყველაზე მეტი შენიშვნა საარჩევნო სისტემასთან ჰქონდა. სრულიად ცალსახაა, რომ სამი შეზღუდვა: პირველი, საარჩევნო ბლოკების გაუქმება, მეორე, 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი და მესამე, მანდატების განაწილების ბონუსების სისტემა არ იძლევა მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობას. ლამის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს არჩევნების და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ვიცი, პარტიები თუ საარჩევნო ბლოკები, ხმების რამდენ პროცენტს იღებენ. 5%-იანი ზღურბლის შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო ბლოკები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, დაკარგული ხმების რაოდენობა საშუალოდ დაახლოებით 20%-ია. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, – აცხადებს “შენების” პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
მისი განცხადებით, როგორც კი ბლოკები გაუქმდება, ალბათობა იმისა, რომ პარლამენტში სამ პარტიაზე მეტი იყოს წარმოდგენილი, დაბალი იქნება. ამავდროულად დიდი იქნება დაკარგული ხმების რაოდენობა. ასევე, მანდატების განაწილებისას თუ ბონუსის ის სისტემა იმოქმედებს, რომელიც პროექტში იყო, ეს აშკარად უსამართლო შედეგს მოგვცემს, რაც აღნიშნა ვენეციის კომისიამ.
– საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის გაუქმებულიყო და საარჩევნო ზღურბლი 4%-მდე შემცირებულიყო. მე ამ იდეას ვემხრობოდი. დღეს კი სულ სხვა წინადადებით გამოდიან მმართველი პარტიის წევრები, ახლა საუბარია 2024 წელზე. უმრავლესობის დიდი ნაწილი მაშინ ამ იდეას უჭერდა მხარს და ისინი ამბობდნენ, რომ 2020 წლიდან შესულიყო ძალაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
ვახტანგ ხმალაძის აზრით, ხელისუფლება მაჟორიტარებს ვერ ელევა.
– სამწუხარო ის არის, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს რატომღაც ივიწყებს ტყუილ დაპირებებს და კვლავ მხარს მას უჭერს, ვინც ერთხელ და ორჯერ მოატყუა.

