ზვიად კუპრავამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:
– რამოდენიმე თვის წინ, თბილისში, ერთმა ,,ნათელმხილველმა” თავისი შამანობით, ,,ხილვებით” და ყოვლისმცოდნეობით, მაშტაბურად გაითქვა სახელი. ძალიან მალე, ,,ჯადოქრის” მისაღებში დღეში ათეულობით ადამიანი იყრიდა თავს. მასთან მოსახვედრად, რამოდენიმე დღით ადრე, წინასწარი ჩაწერა იყო საჭირო. შამანი თავის ,,ხილვებში” დეტალურად ეუბნებოდა კლიენტს მისი ოჯახის წევრების შესახებ, სახელების, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა დეტალების დამთხვევით. დაღუპულ ახლობლებზე და მათი იმქვეყნიურ ,,მოთხოვნილებებზე”, კლიენტის ფინანსურ მდგომარეობაზე და მოკლედ, საუბრობდა ყველა იმ საკითხზე, რაც საჭიროა ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის.
შესაბამისად, მისით აღფრთოვანებული ადამიანები არ იშურებდნენ არანაირ ფინანსურ რესურსს, რომ ,,ყოვლისშემძლეს” მეშვეობით პრობლემები მოეგვარებინათ.
სინამდვილეში კი, ე.წ. ,,ნათელმხილველი” იყენებდა შსს-ს საიდუმლო საინფორმაციო ბაზას, საიდანაც უტყუარად და დეტალურად იგებდა ინფორმაციას წინასწარ ჩაწერილი კლიენტების შესახებ. ხოლო ინფორმაციით მას, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე მისი მეგობარი, შსს ქალაქის მთ. სამმართველოს თანამშრომელი ქალბატონი მ.ტ. ამარაგებდა, რისთვისაც სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა.
აი ასე მარტივად გაედინება საიდუმლო ინფორმაცია დაცული არხებიდან. როდესაც მკითხავები და ნათელმხილველები აღწევენ მსგავსი ტიპის ბაზებში, წარმომიდგენია, რუსული აგენტურა სახელმწიფო საიდუმლოებების რა მასშტაბებზეა გასული.

