პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მოქმედ მერს და მას წარმატებები უსურვა.
– მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას, რომელსაც არაერთი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი დედაქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენი გუნდის წევრია და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მოწოდებულია, არჩევნები იყოს გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.
– ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ვუახლოვდებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ისევე როგორც ჩატარდა ბოლო 3 არჩევნები, – განაცხადა პრემიერმა.

