დეკანოზი გიორგი  მამალაძე კვირიკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

დეკანოზი გიორგი  მამალაძე კვირიკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს– დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის მხრიდან ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას, აქედან ერთ-ერთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარემ მოამზადა 2 სამოქალაქო სარჩელი, რომელთაგან ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე – მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლომ მიიღო. რაც შეეხება პოლიტკოსების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, საქალაქო სასამართლომ ის წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც ადვოკატებმა საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

– 2 სამოქალაქო სარჩელი დაიწერა ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული შენიშვნებისა და ბრძოლის შემდეგ საქალაქო სასამართლომ მიიღო. ანალოგიური მოთხოვნა ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართაც შევიტანეთ, თუმცა საქალაქო სასამართომ ეს არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყო დაშვებული და მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. საქმე ეხება 6 პირის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას და ერთ-ერთი პირი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.