ერდოღანი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვს

ერდოღანი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვსთურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონის მიღებისაკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მან თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავ მიტინგზე გააკეთა.

– თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენის ბრალეულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მომხრეებმა უღალატეს სახელმწიფოს.

– პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია: ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე, – აღნიშნა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე შეეხო საგანგებო მდგომარეობის საკითხს, რომელიც თურქეთში შემოღებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

– საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როდესაც საფრთხეები აღმოიფხვრება და ტერორიზმთან ბრძოლის მიზანი მიღწეული იქნება, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.