გოჩა კოკაია: ”სუსი ასრულებს კალაძის კლანის დაკვეთას” – რა ვერ იპოვეს ნაციონალების კანდიდატის ბინის ჩხრეკისას

გოჩა კოკაია: ”სუსი ასრულებს კალაძის კლანის დაკვეთას” - რა ვერ იპოვეს ნაციონალების კანდიდატის ბინის ჩხრეკისასერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაასრულეს. ბინაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. კოკაია აცხადებს, რომ სუს-ის წარმომადგენლები მან რამდენჯერმე შენიშნა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. კოკაია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც, მისი თქმით, ,,კალაძი მაფიოზური კლანების პოლიტიკური დაკვეთაა“.

– უშიშროების მანქანები ჩემი სახლის ეზოში ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, უშიშროების სამსახურიც მომყვებოდა უკან და იმის შემდეგ ვაკვირდები, რომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი პოლიტიკური დევნა მოახდინონ, – განაცხადა გოჩა კოკაიამ.

,დეპუტატი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:

”დღეს ქართული ოცნების აქტივისტის აბსოლუტურად ცრუ ჩვენების და უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე სუსმა განახორციელა ჩემი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკა. ნაციონალური მოძრაობის სახელით მე კენჭს ვიყრი თბილისის საკრებულოში. სწორედ ჩემი წარდგენის შემდეგ 27 ივნისს ჩემს მიმართ სპეცსამსახურების მიერ დაიწყო ფარული თვალთვალი.

აშკარაა, სუსი ასრულებს კალაძის მაფიოზური კლანების პოლიტიკურ დაკვეთას. დღევანდელი ფაქტი არის შანტაჟის და ზეწოლის მცდელობის მკაფიო მაგალითი. ქართული ოცნება კარგად ხვდება, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზად არჩევნების გაყალბება და ოპონეტების დევნა დარჩა.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ასეთი მოქმედებით ვერ შემაჩერებენ. მეტიც, მე კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი გლდანელების ინტერესების დასაცავად და მათი პრობლემების გადასაჭრელად, იმ პრობლემების, რომელიც ხელისუფლებას საერთოდ არ ახსოვს. და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“ – წერს კოკაია.

გავრცელებული ინფორმაციით, კოკაიას სახლში ჩხრეკა ყალბი დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით მიმდინარეობდა, რომელიც, მოქალაქე თამაზ ინალიშვილის ჩვენების თანახმად, მან წვევამდელს გაუმზადა.

ადვოკატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გოჩა კოკაიას ხელს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ადებს და ედავება, რომ „ენმ“-ის წევრმა მას სამხედრო სამსახურის გადავადების საბუთები გაუკეთა.

– საერთოდ შემხებლობა არ ჰქონდა იმ დოკუმენტთან, რომელზეც საუბარი არის. არათუ იმ სამსახურს, მთლიანობაში არ შეეძლო, არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ასეთი სახის საბუთი გაეცა. მობრძანდნენ, გაჩხრიკეს მთელი ბინა, გაჩხრიკეს თვითონ გოჩა კოკაია, ვერანაირი ბლანკი, დოკუმენტი, ვერანაირი ბეჭედი, რომელიც რაიმე სახით დაადასტურებდა ბატონ გოჩას ამ საქმესთან კავშირს, ვერ მოიძიეს, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

ნიუპოსტი