ინდოეთის ახალი პრეზიდენტი რამ ნათხ კოვინდი გახდა

ინდოეთის ახალი პრეზიდენტი რამ ნათხ კოვინდი გახდაინდოეთის პრეზიდენტად რამ ნათხ კოვინდი აირჩიეს, რომელიც ინდოეთის მმართველი „სახალხო პარტიის“ მიერ იყო წარდგენილი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმების 65% მიიღო.

კოვინდი ინდოეთის რიგით მე-14 პრეზიდენტი გახდა. კოვინდი მეორე პრეზიდენტია დალითების კასტიდან („მიუკარებლების“ დაბალი კასტა).

ინდოეთში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც შედგება პარლამენტისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობა ჯამში 4896 წევრმა მიიღო.

ინდოეთში პრეზიდენტი 5-წლიანი ვადით ირჩევა. არჩევის შემდეგ პრეზიდენტი ტოვებს თავის პოლიტიკურ პარტიას. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, შტატების გუბერნატორებს, ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ასევე არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
მიუხედავად ამისა, მისი ფუნქციები წარმომადგენლობითია და რეალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია.